ინდონეზიის პარლამენტი განიხილავს კანონის მიღებას, რომელიც ქორწინების გარეშე სექსისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ინდონეზიას, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ მუსლიმურ ქვეყანას, აქვს ასობით ადგილობრივი რეგულაცია, რომელიც დისკრიმინაციას უწევს ქალებს, რელიგიურ უმცირესობებს და ლგბტქ ადამიანებს.

  • თუ კანონი საბოლოოდ დამტკიცდა, ის გავრცელდება როგორც ინდონეზიის მოქალაქეებზე, ასევე, უცხოელებზე.
  • საკანონმდებლო ცვლილებას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს როგორც ადამიანების ინდივიდუალურ თავისუფლებას, ასევე ქვეყანას, ტურისტულ და საინვესტიციო ჭრილში.

დეტალები: ახალი კანონის ყველაზე საკამათო მუხლებია ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირის კრიმინალიზაცია და წყვილების თანაცხოვრების აკრძალვა.

  • საკამათო სისხლის სამართლის კოდექსი პლენარულ სხდომაზე დეპუტატების ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
  • ქორწინების გარეშე სექსის შემთხვევებზე სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლოა აცნობონ პარტნიორთა ახლო ნათესავებმა.
  • საკანონმდებლო ცვლილება, ასევე, აკრძალავს პრეზიდენტის ან სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას და ნებისმიერი შეხედულების გამოხატვას ინდონეზიის სახელმწიფო იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ.

შეფასებები: უფლებადამცველმა ჯგუფებმა გააპროტესტეს ცვლილებები, დაგმეს სამოქალაქო თავისუფლებების დარბევა და საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასეს როგორც რელიგიური ფუნდამენტალიზმისკენ სვლა.

  • კოდექსში ცვლილებები იქნება "დიდი უკუსვლა ინდონეზიის დემოკრატიისთვის", — თქვა ანდრეას ჰარსონომ Human Rights Watch-იდან.
  • ინდონეზიის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ედვარდ ომარ შარიფ ჰიარიეჯმა განაცხადა, რომ ახალი სისხლის სამართლის კოდექსი "შეესაბამება ინდონეზიურ ღირებულებებს".
  • "ბიზნეს სექტორისთვის, ამ ჩვეულებითი კანონის განხორციელება შექმნის სამართლებრივ გაურკვევლობას და აიძულებს ინვესტორებს ხელახლა განიხილონ ინვესტიცია ინდონეზიაში", — განაცხადა ინდონეზიის დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ.

კონტექსტი: ინდონეზიის სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა, რომელიც ჰოლანდიის კოლონიურ ეპოქაშია მიღებული, ათწლეულების განმავლობაში განიხილებოდა.

  • კოდექსის წინა პროექტი 2019 წელს უნდა მიღებულიყო, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის მცდელობები.