ნეტფლიქსის ახალ დოკუმენტურ მინისერიალში პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის წევრებზე დაქორწინებული ქალების "ტკივილსა და ტანჯვაზე" საუბრობს.

სასექსის ჰერცოგი, რომელსაც ბოლო წლებში ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, დოკუმენტურ ნამუშევარში ცოლთან, მეგან მარკლთან, ერთად ჰყვება მათ თავს გადახდენილ პერიპეტიებზე.

"მართლა რთულია, როცა ამას იხსენებ და ფიქრობ, თუ რა მოხდა", — ამბობს ჰარი მინისერიალის უახლეს ტრეილერში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

სასექსის ჰერცოგი აღნიშნავს, რომ სამეფო ოჯახში "იერარქია არსებობს" და ეს "ბინძური თამაშია".

ნიშანდობლივია ისიც, რომ როცა კადრებში პრინცესა დაიანა ჩნდება, ჰარი სამეფო ოჯახის წევრებზე დაქორწინებული ქალების "ტკივილსა და ტანჯვაზე" საუბრობს.

"მეშინოდა. არ მინდოდა, ისტორია განმეორებულიყო", — ამატებს იგი, — "სრული სიმართლე არავინ იცის. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით".

დოკუმენტური მინისერიალის ტრეილერში ჩნდებიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც ჰარისა და მეგანის სამეფო ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობას აფასებენ. ერთის თქმით, საქმე "სიძულვილსა და რასობრივ წარმომავლობას" ეხებოდა, მეორე კი ამატებს, რომ "გაჩაღებული ბრძოლა იყო, რათა მეგანი სხვა ადამიანების რეჟიმს მორგებოდა".

ჰარიმ და მეგანმა ნეტფლიქსთან დაგეგმილი თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გვაცნობეს — მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახისა და ვალდებულებების დატოვება გადაწყვიტეს.

ნეტფლიქსზე დოკუმენტური მინისერიალი ორ ნაწილად გამოვა — პირველ ნაწილს მაყურებელი 8 დეკემბერს, დედოფალი ელიზაბეთის გარდაცვალებიდან ზუსტად სამი თვის თავზე იხილავს. მეორე ნაწილი კი პლატფორმაზე 15 დეკემბერს განთავსდება. ნეტფლიქსი გვპირდება, რომ ექვსი ეპიზოდისგან შემდგარი მინისერიალი "არნახული და ამომწურავი დოკუმენტური ნამუშევარია".