წყალში ჩაძირულ კუნძულ ატლანტიდაზე, ალბათ, ყველას გსმენიათ და შეიძლება, იმაზეც დაფიქრებულხართ, რატომ არ ეძებენ არქეოლოგები მას. პასუხი მარტივია — იმიტომ, რომ ის უბრალოდ არ არსებობს.

დიახ, ატლანტიდა არავითარ იდუმალებასთან და დაკარგულ ცივილიზაციასთან არაა დაკავშირებული, რადგან მას არასდროს უარსებია. სამაგიეროდ, თანამედროვე კულტურაში ის ფილმებსა და მულტფილმებში ხშირად გვხვდება. ასევე, გასაკვირი არაა, რომ ატლანტიდა ფსევდომეცნიერებსა და შეთქმულების თეორიების მოყვარულებში დღემდე პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ როგორ გადმოინაცვლა პლატონის პოლიტიკურმა ალეგორიამ რეალურ სამყაროში?

რატომ ატლანტიდა?

სულ რამდენიმე გამოგონილი ადგილი თუ გამხდარა ისეთი სახელგანთქმული და პოპულარული, როგორიც ატლანტიდაა. ის დაკარგული უტოპიის სიმბოლოა, რომელსაც ხშირად ერთგვარ მიწიერ სამოთხესთან აიგივებენ, ამ სამოთხის განადგურება კი ბუნებრივმა კატასტროფამ გამოიწვია.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ამ ყველაფრის მიღმა ათასობით წლის წინანდელი მითი დგას, თუმცა აღნიშნული ამბავი დაახლოებით 2 400 წლის წინ მცხოვრები ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის მიერაა შეთხზული. თანამედროვე მითად ის 1 800-იან წლებში იქცა, როცა მისტიფიკაციის "მსხვერპლი" გახდა. მოგეხსენებათ, ამგვარად რომანტიზებული იდუმალების ამოხსნა არქეოლოგიის საქმე სულაც არაა, თანაც, როცა ეს წლების წინ ერთი კაცის მიერ დაწერილ რამდენიმე აბზაცს ეფუძნება.

"ის ამ ქალაქს ისე აღწერს, რომ თვალწინ წარმოგვიდგება გასაოცარი ადგილი, უზარმაზარი სასახლეებით, ოქროთი და ვერცხლით სავსე, დელფინების ქანდაკებებით... ვის არ მოუნდებოდა, რომ ეს რეალური იყოს? ზოგჯერ, მეც ვწუხვარ, რომ ის ნამდვილი არაა", — აცხადებს სტეფანი ჰამჰოფერი, რომელიც ფსევდოარქეოლოგიას იკვლევს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ატლანტიდის ასეთი პოპულარობა შესაძლოა, კლიმატის ცვლილებით ან ბირთვული ომის საფრთხით გამოწვეული შიშებითაც იყოს განპირობებული, რადგან მისი გაქრობა სწორედ ბუნებრივ კატასტროფას უკავშირდება.

პლატონის ატლანტიდა: საიდან ვიცით, რომ ის არ არსებობს

ფოტო: scienceabc

ატლანტიდის გამოგონება პლატონს იმისთვის დასჭირდა, რომ იდეალური სახელმწიფო და იმპერიალიზმის საფრთხეები წარმოეჩინა. ის ტიმაიოსისა და კრიტიასის დიალოგებში გვხვდება, როგორც უტოპია, იდეალიზებული ათენის მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელმაც გაუმაძღრობის გამო ომი გააჩაღა.

მხოლოდ ათენმა შეძლო მასზე გამარჯვება და საკუთარი მონების გათავისუფლება, რის შემდეგაც ატლანტიდას ძლიერი მიწისძვრები დაატყდა თავს და წყალში ჩაიძირა. ეს ისტორიული ჩანაწერი სულაც არ გახლავთ, არამედ მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უტოპია დაეცეს.

პირველ რიგში, ატლანტიდა ტრადიციული მითი არაა, რომელიც სხვადასხვა სახითაა შემორჩენილი, თაობიდან თაობას დიდი ხნის განმავლობაში გადაეცემა, ხოლო მისი პირველწყარო უცნობია. არამედ პირველად ის პლატონთან ჩნდება და სხვა მხრივ ძველ კულტურაში არ გვხვდება. პლატონი ათასობით წლის წინანდელ ამბავს გვიყვება, რომელიც იმდენად დიდ ცივილიზაციას ეხება, რომ რაიმე სახით სხვასაც აუცილებლად უნდა ეხსენებინა, დაეხატა და ა.შ. მაგრამ ასე არაა.

1 800-იან წლებში ატლანტიდის აქტიური მისტიფიკაცია დაიწყო და გამოიცა რამდენიმე წიგნი, რომელთა ავტორებიც ირწმუნებოდნენ, რომ ასეთი ადგილი მართლაც არსებობდა და უფრო მეტიც, ის სხვა უძველესი ცივილიზაციების "აკვანი" იყო. ასე დაიბადა თანამედროვე მითი, რომლის გავრცელებასაც ის უწყობდა ხელს, რომ მაშინ არქეოლოგია ასეთი განვითარებული არ იყო.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ატლანტიდის არსებობის დამადასტურებელი რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება კი არ მოგვიპოვებია. არც თანამედროვე ტექნოლოგიით დაფიქსირებულა წყალში ჩაძირული შენობები და უზარმაზარი კუნძული, რომლის ვერ შემჩნევაც გამორიცხული იქნებოდა.

ფაქტი ერთია, ატლანტიდა ისეთივე გამოგონილი ადგილია, როგორიც იდეალიზებული ათენი, რომელიც ნამდვილ ათენს სულაც არ ჰგავს და არც შეესაბამება. თუ ამ უკანასკნელის არარსებობაზე ყველა თანხმდება, მაშინ, ლოგიკურად, ატლანტიდის ნამდვილობაზეც არ უნდა ვიდავოთ.

ფსევდოარქეოლოგიის საფრთხეები

ფოტო: wikimedia

ფსევდოარქეოლოგია მეცნიერულ მეთოდოლოგიებს, აღიარებულ მტკიცებულებებსა და შეგროვებულ მონაცემებს არ ცნობს. ის მხოლოდ დაშვებებს ეფუძნება და ძალზე მიკერძოებულია. ასეთი "ექსპერტები" ფაქტებს კონტექსტიდან იღებენ, აერთიანებენ და სრულიად ალოგიკურ ამბამდე მიდიან, რომელსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს.

არქეოლოგია პირიქით, ფაქტებს კონტექსტის მიხედვით იკვლევს და იმას ეყრდნობა, რასაც ხედავს ან ეხება. ფსევდომეცნიერება ხშირად მისტიკით გატაცებულ ადამიანებში იბადება, რომლებიც მუდმივად რაღაც ზებუნებრივს ეძებენ და იდუმალების საბურველში ნებისმიერი რამის გახვევა შეუძლიათ.

ხშირად ეს შეთქმულების თეორიებში გადაიზრდება ან ნაციონალისტებში ხდება პოპულარული. ატლანტიდა ამის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან რასისტული თუ კოლონიალისტური იდეების დასაცავად გამოიყენება. კერძოდ, მას თეთრკანიანთა ძლევამოსილების დასტურად ახსენებენ ხოლმე.

ამერიკაში ჩასული ესპანელები აბორიგენი მოსახლეობის განვითარების ახსნას სწორედ იმით ცდილობდნენ, რომ მათ ეს ყველაფერი გადარჩენილმა ატლანტიდელებმა ასწავლეს. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ამერიკა ატლანტიდის ნაწილია, რომელიც გადარჩა.

მსგავსი არგუმენტები ნაცისტებსაც მოჰყავდათ, რათა არიელთა რასის "სიწმინდე" დაედასტურებინათ. ისინი წყალში ჩაძირული მიწის პოვნას ცდილობდნენ, რათა "წმინდა სისხლის" ადამიანებისთვის მიეგნოთ, რომლებიც წინაპრებად მიაჩნდათ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ფსევდოარქეოლოგიის საფრთხეებზე ღიად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, სადაც მსგავსი ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება და მასობრივი დეზინფორმაციის სახეს იღებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.