18 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია შენობა არ აქვს, რასაც სირცხვილი უწოდა. 29 აგვისტოს კი ხელი მოაწერა განკარგულებას სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებებისთვის ახალი შენობის ასაშენებლად.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 6 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სამინისტროს შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით, 1 724 814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც ქართული ოცნების მსხვილ შემომწირველს ეკუთვნის.

  • გამარტივებული შესყიდვის პროცესში მონაწილეობას ერთდროულად რამდენიმე კომპანია ვერ იღებს, პროცესი კონკურენტუნარიანი არაა და შემსყიდველი პირდაპირი გზით აფორმებს ხელშეკრულებას მიმწოდებელთან.

დეტალები: კომპანია მიდამო 2017 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, რომელიც 2018-2021 წლებში ქართულ ოცნებასა და მათ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია.

  • 2018 წელს კომპანია მარგეს მფლობელმა სალომე ზურაბიშვილს 60 000 ათასი ლარი შესწირა.
  • 2020 და 2021 წლებში კი ქართულ ოცნებას — 60-60 ათასი ლარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აღნიშნავს, რომ რამოდენიმე სახელმწიფო უწყების ერთ შენობაში განთავსება და სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების ერთ მისამართზე განთავსება, სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გაუგებარია, გამარტივებული შესყიდვით 1 ან 2 თვის დროის პერიოდის მოგება რატომ გახდა პრიორიტეტული.

  • "გამარტივებული შესყიდვის დროს არ ტარდება კონკურენტული ტენდერი, სადაც მიმწოდებლები საუკეთესო წინადადებებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, შემსყიდველი პირდაპირი გზით აფორმებს კონტრაქტს მიმწოდებელთან", — აღნიშნავს ორგანიზაცია.
  • მათი აზრით, ეს გარემოებები,შესაძლოა კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს, ამიტომ მოუწოდებენ სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, გამოიკვლიონ, რამდენად დაირღვა კანონი აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას.