ასტრონომებმა აირის გიგანტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლის მახასიათებლებიც მსგავსი ციური სხეულების ფორმირების შესახებ დღესდღეობით აღიარებულ მოდელებში არ ჯდება.

საქმე იმაშია, რომ HD-114082b-ად წოდებული ობიექტი 2-3-ჯერ მკვრივია ისეთი პლანეტის კვალობაზე, რომელიც ჯერ სულ რაღაც 15 მილიონი წლისაა. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტაა, რომელიც აქამდე დაგვიფიქსირებია და ჩვენგან 300 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება.

მეცნიერები HD-114082b-ის შესახებ მონაცემების შეგროვებას წლების განმავლობაში ცდილობდნენ. ამისთვის ისინი სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ, მათ შორის ტრანზიტის მეთოდს, რაც მნათობთან პლანეტის ჩავლით გამოწვეულ სიკაშკაშის ცვლილებაზე დაკვირვებით ობიექტის ზომის დადგენას გულისხმობს.

მეორე მეთოდი რადიალური სიჩქარის გამოთვლაა, რაც ეგზოპლანეტის გავლენით სივრცეში ვარსკვლავის რყევის სიმძლავრის შესწავლაში მდგომარეობს. თუკი მნათობის მასა ვიცით, ამ გზით ციური სხეულის მასის გაგებაა შესაძლებელი.

ფოტო: L. Calçada/ESO

ზემოხსენებული მონაცემების შეჯერებით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ HD-114082b-ს იუპიტერის მსგავსი რადიუსი აქვს, თუმცა მასზე 8-ჯერ მასიურია. ეს ნიშნავს, რომ ის დედამიწაზე თითქმის 2-ჯერ, ხოლო იუპიტერზე დაახლოებით 10-ჯერ მკვრივია.

მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, ის ჩვენი პლანეტის მაგვარი მყარი და კლდოვანი სტრუქტურის, დიდი ალბათობით, ვერ იქნება, რადგან რადიუსისა და სიმკვრივის ზღვრულ დიაპაზონში არ ჯდება. ანუ ესაა აირის გიგანტი, რომლის ფორმირებაც ბუნდოვანებითაა მოცული.

აირის გიგანტების წარმოქმნის ორგვარი სცენარია მიღებული. პირველის მიხედვით, ვარსკვლავის გარშემო არსებული დისკოდან მტვერი ნელ-ნელა ერთად იკვრება, ჯერ ელექტროსტატიკურად, შემდეგ კი გრავიტაციულად. მასის ზრდის პარალელურად, ეს პროცესი ჩქარდება, სანამ პროტოპლანეტა წყალბადსა და ჰელიუმსაც მიიერთებს და მყარი ბირთვის გარშემო უზარმაზარ აირად გარსს შეიძენს. აირები ცივდება, ბირთვში ჩაედინება და ატმოსფეროს ქმნის.

მეორე სცენარი დისკოს არასტაბილურობაზეა დაფუძნებული, რაც მაშინ ხდება, როცა მსგავსი ქაოსური რეგიონი გრავიტაციის გავლენით კოლაფსს განიცდის. შედეგად ვიღებთ უკვე ფორმირებულ ციურ სხეულს, რომელსაც მყარი ბირთვი არ გააჩნია, შესაბამისად, აირები უფრო ცხელდება.

მაშასადამე, გვაქვს "ცივი" და "ცხელი" დასაწყისი. HD-114082b-ის მახასიათებლები უკანასკნელ მათგანს არ შეესაბამება, ხოლო პირველი სცენარისთვის ის ზედმეტად მასიურია. ავტორთა თქმით, 30 მილიონ წელზე ახალგაზრდა სულ სამი მსგავსი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი და დისკოს არასტაბილურობის სცენარში არცერთი მათგანი ჯდება. შესაძლოა, ეს მიუთითებდეს, რომ აკრეციის მოდელი უფრო მართებულია, თუმცა ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.