თქვენ ან რომელიმე თქვენი ნაცნობი ხშირად უჩივით ხელებსა და ფეხებზე გამუდმებით სიცივის შეგრძნებას? მაშ, იმედია, ეს სტატია პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ჩვენი ორგანიზმისთვის სისხლი სითბოს ფანტასტიკური საწყობია. კანში სისხლის გადამისამართებით სითბო გადადის გარეთ, ჰაერში, რაც გვეხმარება გაგრილებაში. სწორედ ამიტომაა, რომ შეიძლება, ცხელ დღეს ცოტა "გაწითლებულები" ვჩანდეთ. მეორეს მხრივ, როცა სიცივეს ვგრძნობთ, კანში სისხლძარღვები ვიწროვდება, ამიტომ იქ ნაკლები სისხლი გადადის. ნაკლები სისხლი კი ნიშნავს ნაკლებ სითბოს და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ხელებსა და ფეხებში.

ეს ნორმალური პროცესია და აჩვენებს, რომ ჩვენი სხეული თავის საქმეს აკეთებს შესაბამისი შიდა ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ორგანოების დასაცავად. ჩვეულებრივ, ეს შეგრძნება მხოლოდ დროებითია, თუმცა, თუ ვინმეს ყოველთვის ცივი ხელები და ფეხები აქვს, მაშინაც კი, როცა მისი სხეული საკმაოდ თბილია, ეს შეიძლება რაღაც სხვა მიზეზზე მიგვანიშნებდეს.

არსებობს სხვა მიზეზებიც?

ნებისმიერი რამ, რაც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენი კიდურების ტემპერატურაზე.

ეს შეიძლება ხდებოდეს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა რეინოს ფენომენი, რომლის დროსაც კიდურებში მიმავალი ზოგიერთი სისხლძარღვი დროებით ვიწროვდება. რეინოს მქონე ადამიანებს, როგორც წესი, აღენიშნებათ ძალიან ფერმკრთალი და ცივი ხელის ან ფეხის თითები. ზოგიერთ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ ავლენენ ადამიანები რეინოს სიმპტომებს. ეს სიმპტომები შეიძლება მოდიოდეს უფრო სერიოზული მიზეზებიდან, როგორებიცაა: იმუნური დეფიციტი ან მაღალი წნევა.

თუმცა სხვა ფაქტორებიც შეიძლება, იდგეს უჩვეულოდ ცივი კიდურების უკან. ყველაფერმა, რაც ბლოკავს სისხლს სისხლძარღვებში, შეიძლება, გამოიწვიოს კიდურების გაციება. მაგალითად, უკონტროლო შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს აქვთ სისხლძარღვებში ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნის უფრო მაღალი შანსი, რაც მათ ვიწრო და გამაგრებულს ხდის და აფერხებს სისხლის ნაკადს.

ტრავმამ ან ქსოვილის დაზიანებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის შეფერხება კონკრეტულ მიდამოში. თუ ვინმეს ხელის ან მკლავის ოპერაცია ჩაუტარდა ან წარსულში ტრავმა ჰქონდა — ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს მისი კიდურების ტემპერატურაზე.

ფოტო: gigadocs

კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის ანემია, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ჟანგბადით მდიდარი სისხლის ტრანსპორტირება სხეულში და გამოიწვიოს ცივი ხელები და ფეხები.

და ბოლოს, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება, მოწევა იყოს, რადგან ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ამცირებს სისხლის ნაკადს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ჩვეულებრივ სიტუაციაში, ცივი კიდურები საშიში არ არის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ხდება კიდურებში სისხლის მიწოდების შემცირების გამო. დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების მტვრევადი, მშრალი ან დაბზარული კანი, კანის გაუფერულება და ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება კონკრეტულ მიდამოებში. ეს მიდამოები ასევე შეიძლება, ნაკლებად მგრძნობიარე იყოს სიცივის დროს და საკმაოდ მტკივნეულიც კი გახდეს მათი გამოყენება.

შემცირებულმა სისხლის მიწოდებამ, შესაძლოა, შეანელოს შეხორცების პროცესი და, ამდენად, დაზიანების შემთხვევაში, ეს, პოტენციურად, ხელს შეუწყობს ინფექციების გავრცელებას.

დროთა განმავლობაში, შეფერხებულმა სისხლის ნაკადმა, შესაძლოა, ასევე დააზიანოს ნერვები. ნერვებზე ზემოქმედებამ, ინფექციის გაზრდილ რისკთან ერთად, ზოგჯერ შეიძლება, გამოიწვიოს ამპუტაციის საჭიროება.

ასე რომ, თუკი მუდმივად ცივი კიდურები გაქვთ, სჯობს, ოჯახის ექიმს მიმართოთ.

რა მოვუხერხოთ ცივ კიდურებს?

თუ კიდურებში დროებითი სიცივის შეგრძნება გეწყებათ, შეგიძლიათ, რამდენიმე გზას მიმართოთ:

  • ჩაიცვით სქელი წინდები, რომლებიც, კვლევების მიხედვით, ასევე სასარგებლოა ძილის ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
  • ჩაიცვით ხელთათმანები;
  • ხელები დაიბანეთ თბილი წყლით და დაუყოვნებლივ გაიშრეთ;
  • მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს და გეცვათ თბილი ტანსაცმელი თქვენი შიდა ტემპერატურის შესანარჩუნებლად;
  • მოერიდეთ კონდიცირებულ ოთახებს და მიეფიცხეთ მზეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარია, თქვენი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ის გეხმარებათ ხელებისა და ფეხების გათბობაში, იმის უზრუნველყოფით, რომ სხეული ეფექტურად ტუმბავს სისხლს იქ, სადაც საჭიროა. ამის მიღწევა შესაძლებელია ყოველდღიური ვარჯიშით, დღის განმავლობაში რეგულარული ინტერვალებით გადაადგილებით და ხელებისა და ფეხების გაჭიმვით და, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვების დაცვით. ამ გზით, თუნდაც დროებით შეგცივდეთ, მალევე მოახერხებთ გათბობას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.