ყოფილ სპორტსმენსა და Keeping Up with the Kardashians-ის ვარსკვლავ კეიტლინ ჯენერს, რომელსაც წლების განმავლობაში ბრუს ჯენერის სახელით იცნობდა საზოგადოება, ილონ მასკის უსაფრთხოება აშინებს. კეიტლინმა ახლახან ტვიტერის საშუალებით მიმართა მასკს და უთხრა, რომ ფრთხილად უნდა იყოს.

"ილონ მასკ, იმედი მაქვს უამრავი დაცვით ხარ გარშემორტყმული და ძალიან უსაფრთხო ადგილას იმყოფები, რომლის შესახებაც არავინ იცის — ახლა შენ ნომერ პირველი მტერი ხარ ზოგიერთი ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანისთვის. შენი უსაფრთხოებისთვის ვლოცულობ და მადლობას გიხდი სიმამაცისთვის. მეტი ილონ მასკი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას!"

კეიტლინის პოსტი ილონ მასკის მიერ ტვიტერის შიდა ინფორმაციისა და მიმოწერის გასაჯაროებას ეხება. პლატფორმის ახალმა CEO-მ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის გუნდმა ტვიტერის ადმინისტრაციას მოსთხოვა ახლა უკვე პრეზიდენტის შვილის, ჰანტერ ბაიდენის, შიშველი ფოტოების წაშლა. როგორც ირკვევა, ფოტოები ჰანტერ ბაიდენის ნებართვის გარეშე გავრცელდა ტვიტერზე და ისეც არღვევდა პლატფორმის წესებს, რადგან მათზე გამოსახული პირის თანხმობის გარეშე იყო გავრცელებული.

საბოლოოდ, ეს ფოტოსურათები ტვიტერმა ჯო ბაიდენის გუნდის თხოვნით წაშალა, ილონ მასკმა კი გაასაჯაროვა შიდა კომუნიკაცია, რომელიც აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის გუნდსა და ტვიტერის ადმინისტრაციას შორის შედგა 2020 წელს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ბევრი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ განაწყო და აფიქრებინა, რომ ტვიტერი მიკერძოებული იყო და ბაიდენს უჭერდა მხარს. ილონ მასკმა ამას აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევაც უწოდა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

ალექსანდრა კარაბალოს თქმით, რომელიც ჰარვარდის სამართლის სკოლაში მუშაობს, ეს კანონი მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას, არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ბაიდენი კი ამ დროს პრეზიდენტი არ ყოფილა და არც მისი გუნდი წარმოადგენდა ხელისუფლებას. ჰანტერ ბაიდენის ფოტოები კი პორნოგრაფიული ხასიათის იყო და მათი გავრცელება კანონს ეწინააღმდეგებოდა.

აღნიშნული შიდა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თავად ილონ მასკმაც აღნიშნა, რომ დროა, თავის გარშემო დაცვის წევრების რიცხვი გაზარდოს. მისი თქმით, ამ კომუნიკაციის საჯაროდ გამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ნდობა აეშენებინა მასა და პლატფორმის მომხმარებელს შორის.

"ტვიტერი, როცა თავისი წესების მიხედვით მოქმედებს და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, არ არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, მაგრამ როცა ხელისუფლების ბრძანებით მოქმედებს და ამიტომ ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, სამართლებრივი გადახედვის გარეშე, ეს კონსტიტუციის დარღვევაა," — დაწერა ილონ მასკმა ტვიტერზე, რომლის მფლობელიც 2022 წლის 27 ოქტომბერს გახდა.