როგორ მოხვდა საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანში? - ამ კითხვაზე პასუხს ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უკვე პარლამენტისგან ითხოვს. ჟურნალისტება შეხვედრა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო კილაძესთან. ჯერჯერობით, მათი მოთხოვნა უპასუხოდ რჩება.

"ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლის საქმიანობაზე ზედამხედველობა პარლამენტის პრეროგატივაა. ამდენად, სწორედ პარლამენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღმასრულებელი უწყებებიდან დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე?"- ვკითხულობთ წერილში, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კითხვაზე პასუხს უკვე მესამე დღეა ითხოვენ.

"არ მოვეშვებით, იმედია გატყდება ოდესმე და მოგვაქცევს ყურადღებას", - აღნიშნა სტუდია მონიტორის დამფუძნებელმა, ნინო ზურიაშვილმა წერილით მიმართვის შემდეგ.

მიმართვას ხელი უკვე მოაწერა 20-ზე მეტმა ჟურნალისტმა და მედიაორგანიზაციამ.

  1. განცხადების ხელმომწერები არიან:
  2. საქართვლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  3. ნეტგაზეთი;
  4. ბათუმელები;
  5. ლიბერალი;
  6. On.ge;
  7. JAMnews;
  8. OC Media;
  9. კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი;
  10. სტუდია მონიტორი;
  11. საინფორმაციო ცენტრების ქსელი;
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  13. ვებ პორტალი ევროპა საქართველოსთვის;
  14. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი საქართველო;
  15. გაზეთი სპექტრი;
  16. გურიის მოამბე;
  17. ირაკლი აბსანძე;
  18. დათო მჭედლიძე;
  19. ნათია ბერსენაძე;
  20. გერა მამულაშვილი;
  21. თამუნა უჩიძე;
  22. ირაკლი კორძაია.

უკვე მესამე დღეა აქციებზე შეკრებილი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები საგამოძიებო უწყებებისგან ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებაზე პასუხებს ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციების შემდეგ შეკრება პარლამენტის შენობასთან იმ მიზნით გადაწყვიტეს, რომ სწორედ მას აქვს მაკონტროლებლის ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.