ინფორმაცია ევროპარლამენტარმა, ტის როიტენმა ტვიტერზე გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოლივერ ვარჰეი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარია და მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.

  • როგორც როუტენი წერს, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტს სურს, გამოიძიონ ვარჰეის საქმიანობა, რადგან იღებენ ცნობებს, რომ ის განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალურობას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში.
  • კომიტეტი მოუწოდებს ევროკომისიას, მიუკერძოებელი გამოძიებით დაადგინოს, არღვევს თუ არა ვარჰეის ქცევა და გატარებული პოლიტიკა ევროკომისიის ქცევის კოდექსსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომისრის ვალდებულებებს.

კონტექსტი: 15 ნოემბერს ვარჰეი საქართველოში იმყოფებოდა — პრემიერმინისტრთან საერთო პრესკონფერანციაზე მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოს გადადგმული ნაბიჯები რეკომენდაციების შესრულების გზაზე.

  • აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ არჩევს, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი — "ცუდი" და იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს განსაზღვრული.
  • " ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს", — თქვა ევროკომისარმა.
  • ვარჰეის განცხადებებს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რასაც თავის მხრივ კრიტიკით უპასუხა მმართველმა გუნდმა და ოპოზიციას ანტიდასავლურობაში დასდო ბრალი.