საქართველოში ჩეხეთის საელჩომ განცხადება Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა დღეს, 2 დეკემბერს დაიბარეს, რა დროსაც მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა.

  • ჩეხეთის საელჩოს განცხადებით, შეხვედრაზე ელჩმა დეტალურად ახსნა, რომ მისი კომენტარები, რომლებიც კონტექსტიდან ამოვარდნილად გავრცელდა, არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას უკავშირდებოდა.
  • პეტრ მიკისკას თქმით, იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით.

დეტალები: პეტრ მიკისკამ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და სარწმუნოდ მიაჩნია, რომ ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ელჩმა, დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს.
  • ჩეხეთის საელჩო კი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაიფანტა და ეს თემა არ საჭიროებს შემდგომ განხილვას.

გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება კატეგორიულად უარყოფს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

  • მათი თქმით, საქართველო "განუხრელად ითვალისწინებს" აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთსა და ბელარუსთან ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს.