ლანკასტერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური მასობრივი გადაშენების მიზეზი შესაძლოა, ჰაერში დიდი რაოდენობით მეთანის ემისია ყოფილიყო. მათი აზრით, ამას ვულკანური აქტიურობის გამო ტემპერატურის მატების შედეგად წიაღისეული საწვავის წვამ შეუწყო ხელი.

საუბარია დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ მომხდარ პერმულ-ტრიასულ გადაშენებაზე, რომლის დროსაც წყლის ბინადართა 90% და ხმელეთზე მცხოვრები არსებების 70% განადგურდა. მაშინ ჩვენმა პლანეტამ კატასტროფული გლობალური დათბობა განიცადა, რასაც ცოცხალი ორგანიზმების დიდი ნაწილი ვერ გადაურჩა.

მეცნიერთა განცხადებით, ამ დროს, გვიან პერმულ პერიოდში, დედამიწის ატმოსფეროში 1 440 გიგატონამდე მეთანი უნდა გამოთავისუფლებულიყო. ეს მათ ჩინეთში მდებარე სიჩუანის აუზში აირის რეზერვუარების მოცულობის, ქანების სიმკვრივისა და ნაერთ პირობიტუმის გაზომვის გზით დაადგინეს.

ფოტო: Zheng Zhou/Lancaster University

მეთანს 100-წლიან პერიოდში 28-ჯერ უფრო ძლიერი დამთბობი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნახშირორჟანგს. შესაბამისად, მისი ზემოხსენებული ემისია 40 410 გიგატონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტურია. ასეთი წარმოუდგენელი კონცენტრაცია, ავტორების აზრით, სწორედ ვულკანური აქტიურობისას მიწის სიღრმეში არსებული საწვავის მარაგების გაცხელებით უნდა განპირობებულიყო.

"ნახშირორჟანგის ემისია გლობალური დათბობისა და მასობრივი გადაშენების მთავარი მიზეზი იყო, თუმცა ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მეთანის ამ რაოდენობით გამოთავისუფლება შესაძლოა, კლიმატის ცვლილების მეორე ხელშემწყობი ფაქტორი ყოფილიყო", — ამბობენ ავტორები.

ასეთი ცხელი მეთანის წარმომქმნელი ტემპერატურის გამოსავლენად მათ იზოტოპური მეთოდი გამოიყენეს და შედეგად 256°C მიიღეს, რაც სითბოს დამატებით წყაროზე მიუთითებს. მეცნიერთა თქმით, უფრო კონკრეტული დასკვნების გამოსატანად, სხვა კვლევების ჩატარებაცაა საჭირო.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.