ევროპის ცენტრალური ბანის პრეზიდენტისა და მისი მრჩევლის თქმით, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, Bitcoin, აქტუალურობას კარგავს. ბლოგში, რომელიც დუეტმა გამოაქვეყნა, კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული Bitcoin, როგორც ალტერნატიული ვალუტის ფორმა და ღირებულება, რომელიც მან არსებობის მანძილზე საზოგადოებაში შექმნა.

შეფასება დამაჯერებლად ჟღერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო ბირჟის, FTX-ის გაკოტრებამ ქაოსი შექმნა. ბირჟა, რომელიც ერთ დროს 32 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ლიკვიდურობის პრობლემისა და ინვესტორების მხრიდან პანიკური განაღდების გამო სულ რამდენიმე დღეში ჩამოიშალა.

FTX-ის ბანკროტის პარალელურად, Bitcoin-ის ფასები 16000 დოლარს ჩამოსცდა, რაც ერთი წლის წინანდელ 64000 დოლარიან მაჩვენებელთან შედარებით, კატასტროფულად მოჩანს. კრიპტოვალუტა ცოტა ხანში დასტაბილურდა, გადააბიჯა რა 17000 დოლარიან ნიშნულს, თუმცა ულრიხ ბინდზეილისა და იურგენ შააფის აზრით, ეს Bitcoin-ის ბოლო გაფართხალებაა.

ასევე იხილეთ: Bitcoin-ის ფასი გასული ორი წლის განმავლობაში უდაბლეს ნიშნულამდე დაეცა — რა ხდება

რატომ ვერ გახდება Bitcoin უფრო დიდი

ბლოგი იკვლევს Bitcoin-ის საფუძვლებს, როგორ შემოვიდა ბაზარზე ეს კონცეპტი, როგორც დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა მთელი მსოფლიოსთვის. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ Bitcoin-ის ტრანზაქციები ნელი, ძვირი და მოუხერხებელია. მართალია, ზოგმა ბიზნესმა Bitcoin გადახდის მეთოდად დაუშვა, თუმცა, პოსტის მიხედვით, რეალური, ფართომასშტაბიანი ტრანზაქციები კრიპტოვალუტის გამოყენებით, ჯერ ისევ შორსაა.

ექსპერტების თქმით, Bitcoin-ის ბაზრის ღირებულება სრულად სპეკულაციაზეა დამყარებული და, გარდა ამისა, ამ სპეკულაციურ სქემას შესანარჩუნებლად სჭირდება ინვესტიციების დიდი ტალღის შემოდინება, რაც მოხდა კიდეც ამ უკანასკნელის შემთხვევაში და დღემდე ხდება. მიუხედავად კრიპტო კრიზისისა, ინვესტორები მაინც აგრძელებენ კრიპტო და ბლოკჩეინ ინდუსტრიებში ფულის ჩადებას.

საბოლოოდ, Bitcoin არ არის ინვესტიცია, რადგან მას ფულის ნაკადის გენერირება და დივიდენდების გაცემა არ შეუძლია. ასევე, მას ვერ გამოვიყენებთ, როგორც საქონელს. შესაბამისად, კრიპტოვალუტის დიდი ინვესტორებისათვის აუცილებელია ამ "ეიფორიის" გაგრძელება, თუმცა, ბინდზეილისა და შააფის თქმით, გზის ბოლო უკვე მოჩანს.

კრიპტო რეგულაციები

Bitcoin-ის დასასრულზე საუბარი აბსურდულად მოჩანს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე კრიპტოვალუტების რეგულირებაზე მუშაობს. ავტორთა აზრით, რეგულაციები არ ნიშნავს იმას, რომ Bitcoin ყველგან დაიშვება.

ავტორები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ყველა ინოვაციას გასაქანი უნდა მიეცეს. ის, რომ ტექნოლოგია ახალია, არ ნიშნავს, რომ მასზე დაფუძნებული პროდუქტი აუცილებლად უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ. მათი თქმით, არაეფექტურობა არათუ ჩავარდნების შედეგი, არამედ Bitcoin-ის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომელიც სისტემის მთლიანობისთვის აუცილებელიც კია.

პოსტი აფრთხილებს ფინანსურ ინსტიტუციებს Bitcoin-ის ინვესტიციების წახალისებისგან მომდინარე შესაძლო ზიანის შესახებ და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ ინვესტიციებიდან მომდინარე დანაკარგები მთელი ფინანსური ინდუსტრიის რეპუტაციას დააზარალებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.