თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილი ჟურნალისტები და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენელები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

უკვე მესამე დღეა აქციებზე შეკრებილი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები საგამოძიებო უწყებებისგან ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებაზე პასუხებს ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციების შემდეგ შეკრება პარლამენტის შენობასთან იმ მიზნით გადაწყვიტეს, რომ სწორედ მას აქვს მაკონტროლებლის ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

აქციას აშუქებს On.ge, კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი აქციები თბილისში მესამე დღეა იმართება. 31 მაისს აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა, გუშინ კი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.