სამომხმარებლო ფასები ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,4-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორნიშნა ინფლაცია 1,5 წელია გრძელდება, რაც მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პრობლემაა.

  • ინფლაცია ადამიანთა ხარჯებს ზრდის და თუ შემოსავალი უფრო სწრაფად არ იზრდება ისინი რეალურად ღარიბდებიან.

  • ფასების ზრდა განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებზე მოქმედებს.

საქსტატის ცნობით, სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად — 16,8%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. მათ შორის:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული — 26%-ით;
  • პური და პურპროდუქტები — 23,8%-ით;
  • ნატურალური წვენები — 22%-ით;
  • ყავა და ჩაი — 19,5%-ით;
  • რძის ნაწარმი — 18,3%-ით.

სურსათის გარდა, 15,4%-ითაა გაზრდილი კომუნალური მომსახურებისა და საცხოვრებელის ხარჯი;

  • ტრანსპორტის 8,2%-ით.

გასული პერიოდის გამო, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 12,2%-ს შეადგენს.

  • წლიური ინფლაციის გარდა, მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ფასები 0,5%-ით გაძვირდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასი რუსეთ-უკრაინის ომამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა და ლარიც დოლართან მიმართებაში 11 თვეში 40 თეთრით გამყარდა, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება მოსალოდნელი არ არის.

ამავე თემაზე: ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ორნიშნა ინფლაცია ჩრდილავს