საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის 29 ნოემბერს გამოსცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წინააღმდეგ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნატალი ჯახუტაშვილი დასაქმებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურში თბილისის ბიუროს რეპორტიორის თანამდებობაზე.

  • 2021 წლის 30 დეკემბერს მაუწყებლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მუშაობის ბოლო თვეებში, განმცხადებელს მიანიშნეს, რომ არ ჰქონოდა კრიტიკული ჩართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პერიოდულად პოლიტიკური მიმართულებიდან გამორიცხავდნენ.
  • ორგანიზაცია წერს, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნატალი ჯახუტაშვილს განუცხადეს, რომ პოლიტიკის მიმართულებით აღარ იმუშავებდა და ეკონომიკურ მიმართულებაზე გადაჰყავდათ, თუმცა, მიზეზი არ განუმარტავთ.

დეტალები: როგორც საია აღნიშნავს, ნატალი ჯახუტაშვილს ჰქონდა კრიტიკული და არასახელისუფლებო რიტორიკის შემცველი სიუჟეტები, რაც გახდა მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი.

  • "სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, იყო მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის სამართლებრივი საშუალება";
  • "არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა შრომითი ურთიერთობა, არ აქარწყლებდა დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს", — ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას ასევე ამახვილებს ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ გარემოზე.

  • სახალხო დამცველმა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მიმართა, მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

აჭარის ტელევიზიაზე ანგარიში 22 ნოემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნეს.

  • კვლევაში კრიტიკულად არის შეფასებული ახალი დირექტორატის საქმიანობა.

  • კერძოდ საუბარია, რომ 2019 წლიდან დღემდე უხეშად ირღვევა ჟურნალისტთა ინდივიდუალური უფლებები, ასევე, მაუწყებლობის უმთავრესი პრინციპი — იყოს სახელმწიფო გავლენებისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი.

  • ნათქვამია, რომ ამავე პერიოდიდან უკანონო გადაწყვეტილებათა ციკლი დაიწყო, რაც შიდაორგანიზაციულ ცვლილებებში გამოიხატა.

  • "ჟურნალისტების ტოტალურ კონტროლში, მათ დისციპლინურ დევნაში, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტაში/შეცვლაში".