ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციის კანონი იყო. რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ქართულმა ოცნებამ კანონის უკრაინული ვერსია თარგმნა და 16 ნოემბერს მეორე მოსმენით მიიღო.

  • მეორე მოსმენით მიღებულ კანონში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმადაც, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.
  • სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნისკენ საქართველოს ევროკავშირი მოუწოდებდა, თუმცა მმართველი პარტია სურვილს არ გამოხატავდა.

  • აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რჩევას ეთანხმება.
  • 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ გადაიფიქრა და თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში აგზავნის.
  • ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა კანონმა ევროკომისიის პრეზიდენტისგან მოწონება დაიმსახურა და უკრაინის პარლამენტი კომისიის დასკვნას ელოდებოდა, გაგზავნა საჭიროდ და აუცილებლად არ მიაჩნიათ, თუმცა, დაამატა:
  • "იმის გამო, რომ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას [...] იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ სამართლებრივი დასკვნისთვის".

პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს კანონპროექტი დღეს, პირველ დეკემბერს გადაუგზავნა.

  • კანონპროექტს თან ახლავს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, რომელიც სთხოვს მათ, მოამზადონ ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრება.