მეცნიერებმა XVI საუკუნეში მცხოვრები ისლანდიელი ქალის სახე აღადგინეს, რომელზეც მესამეულმა სიფილისმა ღრმა კვალი დატოვა. ბოლო სტადიის ინფექციამ, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება, მისი კანი ჭრილობებით დაფარა და იმდენად ღრმად ჩააღწია, რომ თავის ქალაც კი დააზიანა.

ქალის სიკვდილიდან 500 წელია გასული. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ის 25-დან 30 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო, როცა დაიღუპა. ჩონჩხს სპეციალისტებმა ისლანდიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის სასაფლაოზე დაახლოებით ერთი დეკადის წინ მიაკვლიეს.

როგორც გაირკვა, მას სიფილისთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა. მაგალითად, ჩონჩხის გამოკვლევამ ოსტეოართრიტისა და კბილის მინანქრის ჰიპოპლაზიის კვალი გამოავლინა. ეს უკანასკნელი ბავშვობაში არასაკმარისი რაოდენობის საკვების მიღებას უნდა გამოეწვია.

ქალის სახე გრაფიკის ბრაზილიელმა ექსპერტმა, სისერო მორაისმა კოლეგების დახმარებით აღადგინა.

"შემაშფოთებელია ასეთი სახის ნახვა, რომელმაც პირველადი მოყვანილობა ნაწილობრივ დაკარგა, თანაც იმდენად მწვავედ, რომ დაზიანებამ ძვლებამდეც კი ჩააღწია", — ამბობს ის.

ფოტო: Cícero Moraes

მართალია, ჩონჩხის ქვედა ყბა მეცნიერებს არ უპოვიათ, მაგრამ მორაისმა ქალის სახის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია მაინც შეძლო. მან იმ პერიოდში მცხოვრები, ევროპული წარმომავლობის მქონე ქალების სახის მოყვანილობა შეისწავლა და მონაცემები ვირტუალური დონორის ნაკვთებთან შეაჯერა.

მეცნიერთა განცხადებით, ძნელია იმის თქმა, რამ მოკლა ეს ინდივიდი, თუმცა ფაქტია, რომ სიფილისმა მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სამწუხაროდ, მაშინ ანტიბიოტიკები არ არსებობდა და ადამიანები ამ ინფექციას მცენარეული საშუალებებით, ვერცხლისწყლის შემცველი მალამოებითა და ოფლდენით ებრძოდნენ.

"ესაა მაგალითი, თუ როგორ ვითარდება დაავადება ინდივიდში და გვიჩვენებს, რამდენად სერიოზულ გართულებაში შეიძლება გადაიზარდოს სიფილისი, თუ მას სათანადოდ არ ვუმკურნალებთ", — წერენ ავტორები თავიანთ ნაშრომში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.