მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ძაღლის უძველესი ძვალი გამოავლინეს, რომელიც 17 000-ზე მეტი წლით თარიღდება. ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენს წინაპრებს ისინი იმაზე ადრე მოეშინაურებინათ, ვიდრე აქამდე გვეგონა,

მხრის ძვალს მეცნიერებმა ესპანეთის ქალაქ სესტონაში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში ჯერ კიდევ 1985 წელს მიაგნეს, თუმცა სათანადო ტექნოლოგიის არარსებობის გამო, მაშინ ნიმუშის ასაკი ვერ დადგინდა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კი გაირკვა, რომ ის 17 410-17 096 წლის წინანდელია და მგელს არ ეკუთვნის, არამედ Canis lupus familiaris-ის სახეობის წარმომადგენლისაა, ანუ ძაღლის.

ის, თუ როგორ და როდის გამოეყვნენ ძაღლები მგლებს და როდის დავიწყეთ მათი მოშინაურება, დღემდე დისკუსიის საგანია. ბიოლოგიური მტკიცებულებების მოპოვება ძნელია, რადგან ამდენი ხნის გასვლის შემდეგ ცხოველთა ნაშთებში დნმ განადგურებულია და მეცნიერები ხშირად მხოლოდ ძვლების ფორმით მსჯელობენ.

იქიდან გამომდინარე, რომ მგლებს შესაძლოა, ძველად სხეულის უფრო მრავალფეროვანი მოყვანილობა ჰქონოდათ და მათში რეგიონულ სხვაობასაც ეჩინა თავი, ძვლის ფორმის მიხედვით მყარ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. შედეგად ვიღებთ 15 000-40 000 წლის წინანდელ ძვლებს, რომლებშიც ერთდროულად ძაღლის მახასიათებლებიც ვლინდება და მგლისაც.

მეცნიერთა მიერ გამოკვლეული მხრის ძვალი.

ფოტო: Hervella et al

მოშინაურებული ძაღლის ნაშთები, რომლებიც აქამდე უძველესად მიიჩნეოდა, ზედა პალეოლითის დროინდელ მადლენის კულტურასთან ასოცირდება, რომელიც 17 000-12 000 წლით თარიღდება. ეს ნიმუშები საფრანგეთისა და გერმანიის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ხოლო მათი ასაკი 15 114-14 237 და 14 809-13 319 წელია.

რაც შეეხება ზემოხსენებულ მხრის ძვალს, რომელმაც მათ პირველობა ჩამოართვა, სპეციალისტებმა მის გამოსაკვლევად რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდი გამოიყენეს. ის ატმოსფეროში გამოყოფილი და ცოცხალი ქსოვილის მიერ შთანთქმული ნახშირბადის იზოტოპის დაშლის პერიოდს ეფუძნება. ამის შემდეგ ავტორებმა გენეტიკური და მორფოლოგიური ანალიზებიც ჩაატარეს, რათა ცხოველის სახეობა გაერკვიათ.

დადგინდა, რომ ეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი Canis familiaris იყო, რომელიც მიტოქონდრიულ ხაზს მადლენის კულტურის სხვა ძაღლებთან იზიარებს. ამას მათი წარმოშობის საწყისებთან მივყავართ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმს შეესაბამება, დაახლოებით 22 000 წლის წინანდელ პერიოდს.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ძაღლებთან ჩვენი მეგობრობა შესაძლოა ბევრად ადრე დაწყებულიყო, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. იქ პალეოლითის ხანაში მცხოვრები ადამიანები ისეთ ველურ სახეობებთან ურთიერთობდნენ, როგორიც მგელია.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Archaeological Science: Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.