ეს ტელეკომპანია კრემლის პროპაგანდას კულტურის საფარქვეშ ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული სამთავრობო მედიების მსგავსად, ტელე-რადიო კომპანია "მირ" უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს სპეცოპერაციას უწოდებს.

  • ომის დაწყების შემდეგ ტელევიზიას უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიაზე საქმიანობა აუკრძალეს.
  • "მირ" დსთ-ს ქვეყნების მხარდაჭერით 1992 წელს დაარსდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაშუქების მიზნით.
  • საქართველომ დსთ 2009 წელს დატოვა, 2012 წლის აპრილში კი მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, ქვეყანამ დატოვა შეთანხმებაც "სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია "მირის" საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ".

დეტალები: მონიტორის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელს პროპაგანდისტულ ტელე-რადიო კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც არ გაუუქმებია.

  • მათი ცნობით, ქირის ყოველთვიური ოდენობა 1880 ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი მონიტორთან საუბარში ადასტურებს, რომ რუსული კომპანია 2008 წლიდან პირველი არხისგან ნამდვილად ქირაობდა ფართს, თუმცა 14 ნოემბრიდან შენობა მათ აღარ ეკუთვნით.

  • "14 ნოემბრიდან ეს ქონება გასხვისებულია და საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი მფლობელი ოფიციალურად აღარ არის", — განმარტავს ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, რომელიც კოსტავას 68-ში მდებარეობდა, 65,1 მილიონ ლარად 30 სექტემბერს გაიყიდა.

  • მაუწყებლის ახალი შენობა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში უნდა განთავსდეს.