მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე საქართველოში პირველი ქალის რძის ბანკის (MMB) დაარსების პროცესი მიმდინარეობს. ქალის რძის ბანკი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბუნებრივი კვების მაჩვენებლის გაზრდას და გააუმჯობესებს დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილთა მართვის სტანდარტს.

დედის რძის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია დონორი ქალის რძე, როგორც მეორე რიგის საუკეთესო საკვები. სწორედ ამ საკვების უსაფრთხო მიწოდებას ახორციელებს ქალის რძის ბანკი. ქალის რძე უნიკალური საკვებია და გარდა იმისა, რომ ის მნიშვნელოვანია ბავშვის ადეკვატური ზრდა-განვითარებისთვის, წარმოადგენს საუკეთესო საკვებს, ე.წ. ბუნებრივ "სამკურნალო" პროდუქტს, განსაკუთრებით — მაღალი რისკის ახალშობილებში.

ქალის რძის ბანკში განხორციელდება დონორი ქალის რძის შეგროვების, შემოწმების, სათანადო პირობებეში შენახვისა და დანიშნულებისამებრ განაწილების უწყვეტი პროცესი.

საქართველოში ქალის რძის პირველი ბანკის დაარსების პროექტს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები — კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი ნინო სოლომონია და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელი ეკა კანდელაკი ახორციელებენ. სწორედ მათი ძალისხმევით გაწევრიანდა საქართველო ევროპის ქალის რძის ბანკების ასოციაციაში. გარდა ამისა, საქართველოს ეწვივნენ ევროპის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ბორდის წევრები, რომელთა გამოცდილების გაზიარებითაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.