ილონ მასკმა 30 ნოემბერს Show and Tell-ში განაცხადა, რომ მისი კომპანია Neuralink ერთ-ერთ თავის მოწყობილობას ადამიანზე შემდეგი 6 თვის განმავლობაში გამოცდის. სავარაუდოდ, ეს 2023 წლის პირველ ნახევარში მოხდება. მილიარდერის თქმით, მომავალში ის ერთ ასეთ მოწყობილობას თავადაც აუცილებლად მოიხმარს.

პრეზენტაციისას Tesla-ს, SpaceX-ისა და ახლა უკვე Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა საჭირო საბუთი FDA-სათვის (Food and Drug Administration) მიწოდებულია, რათა შეერთებული შტატების კანონმდებლობამ კომპანიას ადამიანზე ცდის ჩატარების უფლება მისცეს. თავდაპირველად Neuralink-ის ტექნოლოგიების გამოცდა 2020 წელს იგეგმებოდა, შემდეგ ვადამ 2022 წლამდე გადაიწია, ახლა კი 2023 წლის პირველ ნახევრამდე არაფერს უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ Neuralink-მდე ერთ-ერთმა სტარტაპმა უკვე მიიღო FDA-ისგან იმპლანტის ადამიანზე გამოცდის ნებართვა:

Neuralink-ის მიზანია, შექმნას მოწყობილობა, რომლის ჩაშენებაც ტვინში იქნება შესაძლებელი და რომლის საშუალებითაც, ადამიანი კომპიუტერს ტვინით გააკონტროლებს. 2019 წელს ილონ მასკმა გაამხილა, რომ მოწყობილობა მაიმუნებზე იტესტებოდა. 2020 წელს იმპლანტებით ღორები "აღჭურვეს", ხოლო 2021 წელს Neuralink-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია მაიმუნი, რომელიც მოწყობილობის დახმარებით პინგ-პონგს თამაშობს. სადემონსტრაციო ვიდეოში მაიმუნმა შეძლო, დაეწერა "Welcome to show and tell" იმპლანტის გამოყენებით. სხვა ვიდეოში კი ვიხილეთ მაიმუნი, რომელსაც მოწყობილობების დატენვა შეუძლია.

ასევე იხილეთ: ნახეთ: მაიმუნი ილონ მასკის ტვინის იმპლანტით Pong-ს გონებით თამაშობს — ვიდეო

ფოტო: Sean Hollister / The Verge

Neuralink-ის მოწყობილობა მცირე ზომისაა და რამდენიმე ათეული "ძაფი" აქვს, რომელიც ტვინზე მაგრდება. მასკის თქმით, ეს თავის ქალის ნაწილის ჭკვიანი საათით ჩანაცვლებას ჰგავს.

Implant-ის ვიცე პრეზიდენტისა და Neuralink-ის თანადამფუძნებლის, დონგჯინ DJ სეოს, განცხადებით, 64 ასეთი ძაფის ტვინზე მიმაგრებას რობოტი დაახლოებით 15 წუთში შეძლებს. ეს მოქმედება მასკის პარტნიორმა მანეკენზე აჩვენა.

რობოტი ქირურგების აუცილებლობა ძაფების მცირე ზომიდან გამომდინარეობს. 30 ნოემბრის პრეზენტაცია ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და დაინტერესებულ პირებს აჩვენა გამოწვევები, რომელთა წინაშეც გუნდი დგას, ასევე რამდენად განვითარდა ტექნოლოგია და რას უნდა ველოდოთ მომავალში. კომპანიის მვკლევრები ამბობენ, რომ მათ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც სიბრმავითა და ქრონიკული პარალიზით იტანჯებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.