ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, პირველ დეკემბერს გამოაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ტრანსგენდერი კაცები გენდერის სამართლებრივ აღიარებას, საინდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.

  • სასამართლომ საქართველოს მოქალაქე 3 მოსარჩლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-8 მუხლის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, დარღვევა დაადგინა.
  • სასამართლომ არ ემსჯელა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე, რადგან საჭიროება ვერ დაინახა.
  • ევროსასამართლომ სახელმწიფოს დაავალა სამივეს 2 000 ევრო გადაუხადოს, ხოლო მესამეს დამატებით 9 812 ევრო.

სტრასბურგის სასამართლოში სამი სხვადასხვა სარჩელი იყო შეტანილი ამ საკითხზე — ორი 2017, ხოლო ერთო 2019 წელს.

  • სასამართლომ აღნიშნული სამი საქმე გააერთიანა და ისე განიხილა.
  • ორი ტრანსგენდერი კაცის ვინაობა საჯარო არ არის (მათი ინიციალებია ა.დ. და ა.კ.), მესამე კი აქტივისტი ნიკო ღვინიაშვილია.
  • ორი მოსარჩელის ინტერესებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) წარმოადგენდა, ერთისას კი საქართველოს იურისტთა ასოციაცია (საია).

დეტალები: ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.

  • როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკუთარ დასკვნაში წერს, საქმეში მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სქესის შეცვლის სამართლებრივი ნორმები არ არის ზუსტად დადგენილი.
  • აღნიშნულია, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები, თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ.

საიას განცხადებით, აუცილებელი არის სახელმწიფომ დაინახოს ტრანსგენდერი თემის წარმომადგენელი ადამიანების უფლებები და მათ მიანიჭოს შესაბამისი უფლებები მათი გენდერის აღიარებასთან დაკავშირებით.

  • ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო "ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით", იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს.
  • "სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს";
  • "ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მაგალითად, თუ სქესის ცვლილება ბიოლოგიურ კრიტერიუმით უნდა შეფასდეს, მაშინ, ვერასოდეს იქნება შესაძლებელი სამართლებრივად გენდერის აღიარება/ცვლილება, რადგან გენეტიკური სქესი სამედიცინო სახით ცვლილებას არ ექვემდებარება".