სპეციფიკიდან გამომდინარე, ენერგომატარებლებიდან ყველაზე რთული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტით უფრო დიდ შემოსავალს იღებდა, შანტაჟის საშუალებად მაინც გაზსადენები რჩებოდა. გაზსადენის ალტერნატივა გათხევადებული გაზია, რასაც რამდენიმე მინუსი გააჩნია:

  • უფრო ძვირია;
  • ტრანსპორტირებას მეტი დრო სჭირდება;
  • მოთხოვნის სრულად ჩანაცვლება, მით უმეტეს მცირე დროში, ვერ ხერხდება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის მიწოდება გაზარდა, მაგრამ აზერბაიჯანის რესურსები არასაკმარისია. გათხევადებული გაზის ექსპორტი გაზარდა შეერთებულმა შტატებმაც. იმავეს ელიან კატარიდანაც.

მდგომარეობა მარტივი არ არის და ამას თავად ევროპაშიც აღიარებენ. ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს სანქციების მერვე პაკეტიც კი არ ითვალისწინებს. უბრალოდ, ფასის ზედა ზღვარი — ბარელზე $60 დადგინდა, მაგრამ კრემლს არც ეს მოსწონს.

ელექტრომობილების მზარდი პოპულარიზაციის მიუხედავად, მათი საერთო წილი საწვავზე მოთხოვნის კლებას ვერ უზრუნველყოფს. იმის გათვალისწინებით, რომ გაზი სხვა წიაღისეულ საწვავთან შედარებით გარემოს ნაკლებად დამაბინძურებელია, ბოლო წლებში ევროპაში მასზე მოთხოვნა გაიზარდა. გერმანიამ ატომური და ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ნაწილი გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებით ჩაანაცვლა, მაგრამ შემდეგ მათი ნაწილის ხელახლა ამუშავება მოუწია.

ასე, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემა, რომლის დამალვასაც ევროპელი ბიუროკრატები ათწლეულების ცდილობდნენ, 2022-ში სააშკარაოზე გამოვიდა.

მოქმედი და გაუქმებული მილსადენები

ჩრდილოეთი ნაკადი 1-ის პროექტირება 1997 წელს დაიწყო, 2002 წელს გეგმა დამტკიცდა და 2011 წელს მშენებლობა დასრულდა. მალევე ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დაიწყო რომელიც ექსპლუატაციაში 2022 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე 3 დღით ადრე, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო, პროექტის ყველაზე დიდმა ლობისტმა — გერმანიამ მის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ჩრდილოეთის ნაკადის გარდა ევროპა რუსული გაზით ბელარუსზე გამავალი იამალის გაზსადენითაც მარაგდება. მისი წლიური გამტარუნარიანობა 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ჩრდილოეთ ნაკადის კი 55 მილიარდ კუბურ მეტრს. თითქმის იამალის გაზსადენის სიმძლავრისაა უკრაინაზე გამავალი Soyuz, რომელსაც წლიურად 32 მილიარდი კუბური მეტრის აირის გატარება შეუძლია.

ყველაზე დიდი 63 მილიარდ კუბურ მეტრიანი შავ ზღვის ფსკერზე გამავალი სამხრეთის ნაკადი უნდა ყოფილიყო. პროექტი 2014 წელს შეჩერდა. მიზეზი მაშინაც უკრაინაში განხორციელებული ინტერვენცია გახდა, იმ განსხვავებით რომ იმ დროს მოსკოვი სეპარატისტების ზურგს უკან მოქმედებდა და არც მილსადენის მშენებლობა იყო დასრულებული.

ასევე, შავ ზღვაზე გამავალი თურქეთთან დამაკავშირებელი ცისფერი ნაკადის გამტარუნარიანობა შედარებით მცირეა და წლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

რუსეთი ევროპისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელი არც უკრაინაში შეჭრამდე ყოფილა. ევროპა ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ალჟირიდან ბუნებრივი გაზით იქამდეც მარაგდებოდა.

ფოტო: AFP-JIJI

გაზის გარდა ევროპა რუსეთიდან ნავთობით უკრაინაზე გამავალ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ ნავთობსადენ დრუჟბითაც მარაგდება. მისი დღიური გამტარუნარიანობა 1,4 მილიონ ბარელს აღწევს.

ემბარგოსა და ენერგოთანამშორმლობის პერსპექტივები

გაგრძელდება თუ არა ენერგოთანამშრომლობა? ჩვეულებრივ ვითარებაში თუ გარიგება მხარეებს შორის ნებაყოფლობითაა დადებული, ვაჭრობით ყველა მოგებული რჩება. მყიდველი იღებს მას რაც სურს — იქნება ეს ნავთობი, ღვინო, შეიარაღება, თუ ბაზარში ნაყიდი მწვანილი. გამყიდველი კი პროდუქციის მიწოდებისთვის შესაბამის ანაზღაურებას იღებს. ვაჭრობის რაიმე ფორმით შეზღუდვის, განსაკუთრებით მისი სრული აკრძალვის შემთხვევაში, კი ორივე მხარე ზარალდება.

ნავთობი და განსაკუთრებით გაზი სპეციფიკური პროდუქტია. როგორც მიმწოდებლის, ასევე, გასაღების ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არაა, საჭიროა დრო და ფინანსები. ერთ სეზონში ვერც ევროპა ჩაანაცვლებს რუსულ გაზს სრულად ამერიკულით და ვერც რუსეთი გაყიდის იმავე მოცულობის აირს ჩინეთში.

  • რუსეთი იმუქრება, რომ ონკანის გადაკეტვით ევროპას გაყინავს, თავის მხრივ ევროპა პასუხობს, რომ ასეთი სცენარი თავად მოსკოვს დააკარგვინებს შემოსავლებს.

ფოტო: AP Photo/Dmitry Lovetsky, File

ნავთობი და გაზი იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ფასის ვარდნისას მომპოვებელს ჭაბურღილის გადაკეტვა არ შეუძლია. მოპოვების შემცირება შეიძლება, მაგრამ მთლიანად დაკეტვა და შემდგომ მისი ხელახალი ამუშავება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მიტოვება კი ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. 2020 წლის აპრილში, როდესაც 3 მილიარდზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებში იყო გამოკეტილი, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $20-მდე შემცირდა, WTI-ის კი მინუსში გავიდა და (-$37)-ით იქამდე დაფიქსირებული ყველა რეკორდი მოხსნა.

ევროპა დილემის წინაშეა. რუსულ წიაღისეულზე სრული ემბარგო ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი იქნება, ვაჭრობის გაგრძელება კი ომის დაფინანსების გაგრძელებას ნიშნავს.

  • 24 თებერვლიდან 9 თვეში ევროპამ ევროპამ უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მილიარდები გაიღო, მაგრამ ბევრად მეტი რუსეთს ნავთობისა და გაზის შეძენაში გადაუხადა.

რა მოხდება თუ რუსეთი ვა ბანკზე წავა და თავად შეწყვეტს ევროპისთვის ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდებას? მართლა გაიყინება და ჩაბნელდება კონტინენტი?

ნოემბრის მიწურულს კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით ჩანს, რომ ევროპა უშუქობას არ უჩივის, გამონაკლისი მხოლოდ უკრაინაა, რისი მიზეზიც აგრესორის მასიური დაბომბვებია.

ფოტო: Hannibal Hanschke / EPA / Scanpix / LETA

ომამდე რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანია იყო, რისთვისაც ტრამპს მერკელი არაერთხელ გაუკრიტიკებია. მერკელის წინამორბედმა შროდერმა პოსტის დატოვების შემდეგ ახალი სამსახური გაზპრომში იპოვა. მათგან განსხვავებით შოლცის პოზიცია ბევრად უფრო მტკიცე აღმოჩნდა. CNBC-ის ცნობით 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე გერმანიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 60%-დან 9.5%-მდე შეამცირა.

კიდევ უფრო საინტერესოა Consilium.europa.eu-ს კვლევა, რომელშიც ჩანს, რომ თუ 2021 წლის აგვისტოში ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება 44%-ს შეადგენდა, 1 წლის თავზე ის 17,2%-მდე შემცირდა.

  • იმავე წყაროს ცნობით, წლის პირველ ნახევარში რუსეთის წილმა 31,4% შეადგინა;
  • გათხევადებული გაზის წილმა ძირითადად შეერთებული შტატებიდან, კატარიდან, ნიგერიიდან და ალჟირიდან — 25,7%;
  • ნორვეგიიდან — 22,7%;
  • ცალკე აღებული ალჟირიდან — 10,7%;
  • სხვა წყაროებიდან — 9,5%.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირისა და ბრიტანეთის ჯამური წლიური მოხმარება 500 მილიარდ კუბურ მეტრს აჭარბებს, აზერბაიჯანულ გაზს ჯერჯერობით მოთხოვნის 5%-ის დაკმაყოფილებაც არ შეუძლია, თუმცა ცხადია მისი რესურსები მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

დამოკიდებულების საერთო შემცირების მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, უნგრეთი 85%-ით ისევ რუსულ გაზს მოიხმარს. მიწოდების შეწყვეტა მას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ევროპის სხვა ქვეყნები, სავარაუდოდ, მას გაზსაცავებიდან მიაწვდიან აირს, მაგრამ საერთო მდგომარეობა მაინც გაუარესდება.

დანებება ან წინააღმდეგობის გაძლიერება

და მაინც რა მოხდება თუ რუსეთმა მაინც შეაჩერა ნავთობისა და გაზის ექსპორტი ევროპაში? პირველ რიგში თავად ენერგომატარებლებზე და შემდეგ მთლიან სამომხმარებლო კალათაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე:

  • წარმოება დაიკლებს;
  • შემცირდება ისედაც შემცირებული მშპ-ს ზრდის ტემპი.

მაგრამ ეს ყველაფერი აპოკალიფსისგან ძალიან შორსაა. არსებობს კიდევ ერთი საშიშროება — ევროპის ზოგიერთ ქალაქში უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია, სადაც დემონსტრანტები ეკონომიკურ მდგომარეობას უჩიოდნენ. მოსკოვში გარკვეული წრეები ამ ფაქტს უკანასკნელ კოზირად განიხილავენ, მაგრამ წინასწარ რაიმეს მტკიცება მაინც შეუძლებელია. უფრო მეტიც, სრულად დასაშვებია საპირისპირო სცენარიც, რა დროსაც დაპირისპირებას კონსოლიდაცია ჩაანაცვლებს და გაბრაზებული ევროპელები მთავრობებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას კი არა, დაჩქარებას მოითხოვენ.

1812 წელს ნაპოლეონი რუსეთში ზამთარმა დაამარცხა. ასევე, ზამთარი იყო ერთ-ერთი მიზეზი, ლენდ-ლიზთან და სხვა ფაქტორებთან ერთად, რამაც 1941-ში ვერმახტის შეტევა შეაჩერა. ახლა კიდევ ერთი ზამთარი დგება. წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით რუსეთი ახლა თავადაა თავდამსხმელი და "მესამე სამამულო ომის" იდეა პოპულარობას ვერ იძენს. ანტიჰიტლერული კოალიციის ყოფილი მოკავშირეები კი ახლა მოწინააღმდეგეთა ბანაკში არიან.

რუსეთშიც და დასავლეთშიც ესმით, რომ 2022-2023 წლების ზამთარი ბევრ რამეს გადაწყვეტს და არა მხოლოდ უკრაინის ფრონტზე. ვინ რა პოზიციებს დაიკავებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სწორედ ამ ზამთრის შემდეგ გახდება ცნობილი.