2017 წელს ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Vanity Fair ახალბედა მომღერალთან, 15 წლის ბილი აილიშთან, ინტერვიუ ჩაწერა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, როცა აილიში უკვე მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი გახდა, გამოცემამ იმავე ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტა და ასე დაიბადა ტრადიციაც, რომელიც, აგერ უკვე მე-6 წელია, გრძელდება.

აილიშმა, რომელიც ახლა უკვე 20 წლისაა, იმავე შეკითხვებს ისევ გასცა პასუხი. ვიდეოშიც, რომელიც ერთგვარ დროის კაფსულად იქცა, ნათლად ჩანს, როგორ იცვლებოდა მომღერალი, მისი კარიერა და პიროვნება ბოლო 6 წლის განმავლობაში.

"ძალიან მაგარია ამის გაკეთება ყოველ წელს", — ამბობს აილიში და ამატებს, რომ წინა წლების ვიდეოების ნახვა აბედნიერებს, ამიტომ მათ ხშირად უყურებს ხოლმე, — "ისინი ჩემთვის ბევრს ნიშნავენ".

წელს პირველი თვალშისაცემი ცვლილება თავად აილიშის გარეგნობაა — მომღერალი ამჯერად უკვე შავი თმით ჩნდება ვიდეოში. ამასთან, იგი ამ ინტერვიუს პირველად წერს "ზრდასრულის" ამპლუაში — როცა იგი თინეიჯერი აღარაა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომღერლის მიღწევებს უკვე ოსკარის ლაურეატობაც მიემატა. გარდა ამისა, მუსიკოსმა მსოფლიო ტურნე გამართა, მოგვიანებით კი კოაჩელასა და გლასტონბერის ფესტივალების მთავარი შემსრულებელიც გახდა.

ფოტო: Rachel Luna / FilmMagic

ინტერვიუში აილიში ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში თავის ძმასთან, ფინეასთან, დიდ დროს ატარებს, რადგან ერთად ახალ ალბომზე მუშაობენ.

პირად ცხოვრებაზე საუბრისას კი, მომღერალი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტუიციის ნდობის პრობლემა დასძლია და ახლა საკუთარ თავს უფრო მეტად უსმენს. სამომავლოდ, ბილის გაბედული გადაწყვეტილებების მიღება და ექსტრემალური აქტივობებით დაკავება სურს.

პოპვარსკვლავი ასევე შეეხო მისი და ჯესი რეზერფორდის ურთიერთობას.

"ეს ადამიანი შთამაგონებს, მე კი მას შთავაგონებ", — აღნიშნავს აილიში, — "ძალიან მაგარია, მე კი ბედნიერი ვარ".

მომღერალმა გასული წლიდან ასევე გაიხსენა, რომ ცხოვრების სტილი შეიცვალა და ამ რთული პროცესის შემდეგ თავს წინანდელზე უკეთ გრძნობს.

"სრულიად სხვაგვარად გამოვიყურები, ვიდრე ოდესმე გამოვიყურებოდი და ეს მეამაყება", — ამატებს ბილი.

ტრადიციული ინტერვიუს დასასრულს, კადრში კვლავაც მომღერლის დედა, მეგი, გამოჩნდა, რომელიც ბილის ჩაეხუტა.

სრული ინტერვიუ შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ: