ნაციონალური მოძრაობის წევრმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა კიდევ ერთხელ გადაიდო.

  • ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სააკაშვილს სხდომაზე დასწრება სურდა.
  • პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს სასამართლოზე მისვლის უფლება ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მისცეს.
  • მოგვიანებით განმარტება ვივამედის დირექტორმა გააკეთა. ნინო ნადირაძის თქმით, ექსპრეზიდენტს ნევროლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აჩვენა და გადაყვანა გამართლებული არ იყო.

ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს სააკაშვილი საზოგადოებას არ აჩვენეს, რადგან ამით ყველას დარჩებოდა ობიექტური შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას ფაშისტური რეჟიმი მართავს.

  • მისი თქმით, დასაკარგი არცერთი დღე აღარაა.
  • "არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა".

დეტალები: ენმ-ის წევრის თქმით, ხვალიდან რეგიონებში გავა, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ, "რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის".

  • "ჩვენი ოთახებიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ, არც ხელები უნდა ჩამოვუშვათ, არც ნიჰილიზმში უნდა ჩავვარდეთ და არც ერთმანეთს უნდა დავაბრალოთ";
  • "მეტიც ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ, მხოლოდ ბრძოლით შეგვიძლია გამოვიხსნათ მესამე პრეზიდენტიც და ჩვენი ქვეყანაც რუსული კლანჭებისგან".