საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: EU-ს 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციის კანონი იყო — სწორედ ამ პუნქტების შესრულებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

  • რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ქართულმა ოცნებამ კანონის უკრაინული ვერსია თარგმნეს და 16 ნოემბერს მეორე მოსმენით მიიღეს.
  • მეორე მოსმენით მიღებულ კანონში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმადაც, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.
  • კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ საქართველოს ევროკავშირი მოუწოდებდა, დღეს, 28 ნოემბერს კი აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ევროკავშირის რჩევას ეთანხმება.
  • დღესვე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გააგზავნიან.

დეტალები: განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება.

  • "მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია", — წერს EU-ს წარმომადგენლობა.