ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ამის შესახებ ბრიფინგზე ჰკითხეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა.

  • თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მონასტრის წინამძღვარს და მონაზვნებს, ერთ-ერთი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
  • დაკავებულებს ბრალი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლით აქვთ წარდგენილი.
  • ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მომხდარი "მასმედიის მიერ წარმოებულ ანტიეკლესიურ პროპაგანდას" დაუკავშირა.

დეტალები: მდინარაძემ კვლავ "რადიკალურ ოპოზიციაზე" ისაუბრა, ეკლესიისა და ქვეყნის მტრები უწოდა და თქვა, რომ მათ "პიარში მეტი ფანტაზიის უნარი აღარ აქვთ".

  • "რამე ან ვინმე არ მოეწონებათ, იმ რამეს არქმევენ რუსულს და ვინმესაც არქმევენ რუსულს", — თქვა მან.

მდინარაძე საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებას "თავისი აზრის დაფიქსირებას" უწოდებს, კრიტიკული კომენტარების ავტორებზე კი ამბობს, რომ ისინი "თავისუფალ სიტყვასა და ეკლესიას ესხმიან თავს".

  • "ეკლესიის წარმომადგენელმა გუშინ თავისი ნააზრევი, თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, ეს გამოჩნდა პოსტის კომენტარებზე".
  • ამბობს, რომ თუკი საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი ვინმეს აკრიტიკებს, ეს მასზე თავდასხმის საფუძველი არ უნდა გახდეს.
  • "კრიტიკა არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაესხა თავს და რუსეთის აგენტი ეძახო. ეს ეკლესიის სიძულვილი, მტრობა და შენი ქვეყნის სიძულვილი და მტრობაა", — აცხადებს ის.