ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციის კანონი იყო. რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ქართულმა ოცნებამ კანონის უკრაინული ვერსია თარგმნეს და 16 ნოემბერს მეორე მოსმენით მიიღეს.

  • მეორე მოსმენით მიღებულ კანონში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმადაც, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.
  • სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
  • კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ საქართველოს ევროკავშირი მოუწოდებდა.
  • აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რჩევას ეთანხმება.

დეტალები: მდინარაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნაზე პრობლემას ვერ ხედავდნენ, თუმცა ამბობს, რომ "ჯერ უნდა გაერკვიათ რასთან აქვთ საქმე".

  • მისი თქმით, ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის, ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნებაზე, სიცრუეა.
  • აქვე დასძენს, რომ იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იმავე კანონმა ევროკომისიის პრეზიდენტისგან მოწოდება დაიმსახურა და უკრაინის პარლამენტი კომისიის დასკვნას ელოდება, გაგზავნა საჭიროდ და აუცილებლად არ მიაჩნიათ, თუმცა, დაამატა:
  • "იმის გამო, რომ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას [...] იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ სამართლებრივი დასკვნისთვის".