"გამორთვა და ხელახლა ჩართვა სცადე?", — ხშირად მოისმენთ, როცა ტელეფონი, კომპიუტერი ან რომელიმე სხვა მოწყობილობა ჭედავს. მეტიც, ეს ნებისმიერი ტექნოლოგიური პრობლემის გადაჭრის პირველი ნაბიჯია და მაშინაც კი აუმჯობესებს მათ მუშაობას, როდესაც არაფერი ჭედავს.

მაშ, რა არის მობილურის ჩართვა-გამორთვაში ასეთი, რომ ასე მარტივად "წამლობს" ხოლმე პრობლემებს?

პასუხი RAM-ში უნდა ვეძიოთ

მოწყობილობის პერფორმანსზე როცა ვსაუბრობთ, RAM-ის (რამი, ოპერატიული მეხსიერება) მოხმარება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. თანამედროვე ოპერაციულ სისტემათა (OS) უმეტესობაში აპლიკაციების გამოყენებისას RAM ივსება, ანუ რაც მეტ პროგრამას ხსნით, მით მეტ ოპერატიულ მეხსიერებას მოიხმართ.

მეორე მხრივ, მათი გამორთვისას — ან მეხსიერებიდან ხელით მოშორებისას — ისინი ბოლომდე არ იხურება. რეალურად, ამ დროს აპლიკაციების ნარჩენები არსად მიდის და RAM-ს ზედმეტად ავსებს, ახალი პროგრამებისათვის კი უფრო და უფრო ნაკლები ადგილი რჩება.

იმისათვის, რომ RAM-ში ახალი აპლიკაციებისათვის ადგილი ისევ იყოს, ოპერაციული სისტემა რაღაცებს აადგილებს და მობილურის შენელებასაც სწორედ ეს იწვევს — ამ დროს არამხოლოდ აპლიკაცია უნდა ჩაიტვირთოს, არამედ RAM-ის შიგნითაც უნდა აირიოს რაღაცები, რომ ახალი პროგრამისთვის ადგილი გამოთავისუფლდეს.

"თავისუფალი RAM გაფლანგული RAM-ია", — ამასაც მოისმენდით, რაც უმეტესწილად მართალია. Unix-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემები, მათ შორის, ანდროიდი, გავსებული RAM-ით, როგორც წესი, ჩვეულებრივ მუშაობს. დესკტოპზე Windows უკეთ ფუნქციონირებს, როდესაც ოპერატიული მეხსიერების მცირე ნაწილი თავისუფალია, თუმცა ამაზე სულაც არ გაქვთ სანერვიულო — RAM შეიძლება მუდმივად სავსე იყოს და დიდი პრობლემები სულაც არ შექმნას.

მობილურის მუშაობა მაშინ ფერხდება ხოლმე, როცა საქმე RAM-ის "ორგანიზაციასთან" გვაქვს. ოპერატიულ მეხსიერებაში რაღაცების შეტანის და გამოტანის შედეგად ისინი მიმოიფანტება — ზოგიერთი პროგრამის კოდის ნაწილებს RAM-ში ყველგან შეხვდებით. კარგი ამბავი ისაა, რომ ოპერატიული მეხსიერება წაკითხვა-ჩაწერას გასაოცარი სისწრაფით ახერხებს, ამიტომაც ძებნა და შეგროვება დიდ დროს არ მოითხოვს.

და გადატვირთვა რაღას შვრება?

პასუხი მარტივია: ტელეფონის გადატვირთვისას ყველაფერი სუფთავდება, რაც RAM-შია. აქამდე ჩართული აპლიკაციების ნარჩენები იწმინდება, ამჟამად ჩართულები კი — ირთვება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერს სუფთა ფურცლიდან იწყებთ.

ფოტო: Giphy

ამ მარტივი ხრიკის შედეგად პერფორმანსი საგრძნობლად უმჯობესდება, აპლიკაციები კი გაცილებით სწრაფად ირთვება. უფრო სწრაფად შეგიძლიათ ერთიდან მეორე პროგრამაზე გადახტომაც. ეს ჰარმონია გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება — დღეებით, ანდა სულაც კვირების განმავლობაშიც კი.

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ოპერაციული სისტემა მეხსიერებას სხვებზე უკეთ მართავს, ამიტომაც, შესაძლოა, სმარტფონის გადატვირთვა ყველას განსხვავებული შუალედით დასჭირდეს. საგულისხმოა ისიც, რომ გადატვირთვის შემდეგ პერფორმანსის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ყოველთვის ვერ იხილავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადატვირთვა მხოლოდ ოპერაციული სისტემის პერფორმანსს არ აუმჯობესებს — ამით აპლიკაციებთან დაკავშირებულ ხშირ პრობლემებსაც მოაგვარებთ. მაშასადამე, თუკი რომელიმე კონკრეტული პროგრამა გიჭედავთ, ხოლო გამოსვლა და თავიდან შესვლა არაფერს შველის, შეგიძლიათ, ტელეფონის გადატვირთვა სცადოთ.

როგორც ზემოთ იხილეთ, ეს შემდეგნაირად აიხსნება: მაშინაც კი, როცა აპლიკაციას ხურავთ, მისი ნაწილები კვლავაც RAM-ში რჩება. მობილურის გადატვირთვა ამ ნაწილებს ასუფთავებს, შედეგად კი ყველაფერს სუფთა ფურცლიდან იწყებთ.

თავისთავად, გადატვირთვა ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს. იმ შემთხვევაში, თუკი პერფორმანსი ამ მარტივი პროცედურის შემდეგაც არ უმჯობესდება, დიდი ალბათობით, საქმე უფრო სერიოზულ შეფერხებასთან გაქვთ, რომელიც დამატებით უნდა გამოიკვლიოთ. ყურადღება გამოიჩინეთ მაშინაც, თუკი ტელეფონის გადატვირთვა ძალიან ხშირად გიწევთ (ვთქვათ, ყოველდღიურად), რომ მისი გამოყენება კვლავ შეძლოთ — შესაძლოა, ესეც მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.