ინგლისელი მსახიობი ემა კორინი, რომელიც ნეტფლიქსის გახმაურებულ სერიალში The Crown პრინცესა დაიანას განასახიერებს, პრესტიჟულ დაჯილდოებებზე გენდერულად ნეიტრალური ნომინაციების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"იმედია, მომავალში ეს მოხდება", — ამბობს კორინი ერთ-ერთ ინტერვიუში, — "ვფიქრობ, ამჟამად ნომინაციები საკმარისად ინკლუზიური არაა".

აღსანიშნავია, რომ თავად მსახიობი თავს არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირად აიდენტიფიცირებს და გენდერულად ნეიტრალურ ნაცვალსახელებს გამოიყენებს. კორინის თქმით, გენდერულად ნეიტრალური ნომინაციების ქონა იმისთვისაა საჭირო, რომ "ყველამ იგრძნოს თავი მიღებულად და წარმოდგენილად".

ინგლისელ მსახიობს 2021 წელს ოქროს გლობუსი გადაეცა The Policeman-ში შესრულებული როლისთვის ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი სატელევიზიო სერიალში. ამავე წელს, კორინი წარდგენილი იყო Primetime Emmys-ის ჯილდოზე მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალის ნომინაციაში. იმ დროისთვის მსახიობი ჯერ კიდევ იყენებდა მდედრობითი სქესის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს, თუმცა, ქამინგაუთის შემდეგ მსგავსად ფორმულირებულ ნომინაციაში წარდგენა ან გამარჯვება უკვე პრობლემურია.

"მიჭირს, გამართლება მოვუძებნო იმ ფაქტს, როცა არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირი ხარ და ქალების ნომინაციაში ხარ წარდგენილი", — ამატებს კორინი, — "როცა საქმე კატეგორიებს ეხება, აუცილებელია, დავაკონკრეტოთ, კაცის როლისთვის ხარ ნომინირებული თუ ქალის როლისთვის?"

სხვათა შორის, ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების წარმომადგენლის თქმით, ისინი აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ.

თუმცა, უკვე რა ხანია, რამდენიმე ცნობილი დაჯილდოების ორგანიზატორებმა გენდერულად ნეიტრალური ნომინაციების პრეცედენტი შექმნეს. მაგალითად, ბერლინალეზე სამსახიობო კატეგორიები 2021 წლიდან გენდერულად ნეიტრალურია.

მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არაერთმა კინოვარსკვლავმაც დაუჭირა მხარი. მაგალითად, ქეით ბლანშეტმა განაცხადა, რომ "კარგი შესრულება კარგი შესრულებაა", თავად კი "მსახიობია, და არა მსახიობი ქალი".