მთვარის ისტორიული მისიის Artemis 1 ფარგლებში გაშვებულმა კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ის დედამიწიდან იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე Apollo 13. აქამდე მსგავს დისტანციაზე ასტრონავტებისთვის განკუთვნილი არცერთი აპარატი წასულა.

1970 წლის 14 აპრილს Apollo 13-ის კოსმოსური ხომალდი Odyssey დედამიწას 400 171 კილომეტრით დაშორდა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მანძილი იყო. მიმდინარე წლის 26 ნოემბერს კი, თბილისის დროით 17:40 საათზე, Orion-მა ამ დისტანციას გადააჭარბა.

"მაშინ ეს შედეგი არ დაგვირეგისტრირებია. იმდენად დაკავებულები ვიყავით, რომ ამაზე დასაფიქრებლად უბრალოდ დრო არ გვქონდა. არ ვიცოდი, რომ Apollo 13-ის დროს დედამიწას რეკორდულად დავშორდით, ეს დაახლოებით 1 წლის წინ გავიგე", — განაცხადა 1970 წლის მისიაზე მომუშავე ჯერი გრიფინმა.

Apollo 13-ის მიზანი მსგავსი რეკორდის დამყარება სულაც არ ყოფილა. შუა ფრენის დროს შექმნილი პრობლემის გამო, მთვარეზე დაჯდომის გეგმა შეიცვალა, რათა ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ. მათ ამისთვის ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის გრავიტაცია უნდა გამოეყენებინათ და ზემოხსენებულ დისტანციას სწორედ ამ მცდელობისას მიაღწიეს.

მისია Apollo 13-ის დროს გადაღებული ფოტო.

ფოტო: NASA

იგივე შეიძლება ითქვას Artemis 1-ზე, რადგან Orion-მა მსგავსი მანძილი სულ სხვა მიზნით დაფარა. კაფსულა მთვარის შორეულ რეტროგრადულ ორბიტაზე უნდა შესულიყო იმისათვის, რომ სისტემები სათანადოდ გამოეცადა.

"ჩვენ Apollo 13-ის რეკორდი გავაუმჯობესეთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ (ასტრონავტებისთვის განკუთვნილი) ხომალდი იმაზე შორს გავუშვით, ვიდრე ოდესმე, რითაც კოსმოსის კვლევის საზღვრები გავარღვიეთ", — ამბობენ NASA-ში.

ასევე, იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ

სააგენტოში აცხადებენ, რომ Orion-ის მაქსიმალური დისტანცია 432 194 იქნება. რის შემდეგაც მთვარის გარშემო ნახევარ მანძილს გაივლის და მანევრის განსახორციელებლად ძრავს აამუშავებს. ის რეტროგრადულ ორბიტას დატოვებს და შინისკენ გამოემართება. 5 დეკემბერს კაფსულა მთვარის ზედაპირს მიუახლოვდება, 11 დეკემბერს კი დედამიწაზე დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ Apollo 13-ში მონაწილე ასტრონავტები გავლილი დისტანციის მხრივ დღემდე რეკორდსმენები არიან, თუმცა 2024 წელს ჩანიშნული ეკიპაჟიანი მისიის Artemis 2 ფარგლებში შესაძლოა, მათი შედეგიც გაუმჯობესდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.