ქვემო საშარდე გზების სიმპტომატიკა (ქსგს) — ასე უწოდებენ სიმპტომების ჯგუფს, რომელიც შარდის ბუშტის, საშარდე მილისა და პროსტატის დაავადებებზე მიანიშნებს. სიმპტომატიკა მკვეთრად აუარესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს, მასთან დაკავშირებული პათოლოგიების დაგვიანებულ მკურნალობას კი შეიძლება შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს.

როგორია ქვემო საშარდე გზების სიმპტომატიკა, რაზე მიგვანიშნებს ის და როგორ ვუმკურნალოთ ან ვმართოთ მასთან დაკავშირებული დაავადებები? — ამ საკითხებზე თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალის უროლოგი, კახა ბარნოვი საუბრობს.

რაზე მიანიშნებს ქვემო საშარდე გზების სიმპტომატიკა (ქსგს) და რა ნიშნებით გამოიხატება ის?

ქვემო საშარდე გზების სიმპტომატიკა სამ კატეგორიად იყოფა: შარდის ბუშტის ავსების, შარდის შეკავებისა და დაცლის პათოლოგიებად. სიმპტომატიკა ყველაზე მეტად კაცებს აწუხებთ და ის ხშირად პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიაზე ანუ კეთილთვისებიან გადიდებაზე მიანიშნებს. ასევე, მას შეიძლება იწვევდეს პროსტატისა და შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე, შარდის ბუშტის მომატებული ან დაქვეითებული ნერვული აქტივობა, შარდ-კენჭოვანი დაავადება, საშარდე მილის შევიწროება, მცირე მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი, უცხო სხეული და ა.შ.

სიმპტომებიდან ყველაზე გავრცელებულია გახშირებული და გაძნელებული შარდვა, ნაკადის დაქვეითება, მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ნიქტურია ანუ ღამით ხშირი შარდვა და შარდის მწვავე ან ქრონიკული შეკავება.

რა არის ქვემო საშარდე გზების სიმპტომატიკის მთავარი გამომწვევი მიზეზები?

ის შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტით, ჭარბწონიანობით, არტერიული ჰიპერტენზიით და სხვა თანმხლები მდგომარეობით. ასევე, მისი მაპროვოცირებელია მავნე ჩვევები, როგორებიცაა თამბაქოს, ალკოჰოლისა და კოფეინის ჭარბი მოხმარება.

ქვემო საშარდე გზების სიმპტომატიკის გამოვლენის ალბათობა კაცებში ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, რადგან იზრდება პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების რისკი. 65-80 წლის ასაკში კი თითქმის ყველა კაცს აწუხებს მოშარდვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარისხის პრობლემა.

როგორია ქსგს-თან დაკავშირებული პათოლოგიების დიაგნოსტირების პროცესი?

დიაგნოსტირებას პაციენტის დეტალური ანამნეზის შეკრებით ვიწყებთ, შემდეგ კი მივმართავთ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს, როგორებიცაა საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა, უროფლოუმეტრია, მოშარდვის დღიური, საშარდე მილისა და შარდის ბუშტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში, ვატარებთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, შარდისა და კრეატინინის ანალიზსა და პროსტატსპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრის პროცედურას.

როგორ ხდება მკურნალობის სქემის შემუშავება? რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ ან არასწორ მკურნალობას?

მკურნალობის სქემა ყველა პაციენტთან ინდივიდუალურია და მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ისე მცირე და მასშტაბურ ოპერაციულ ჩარევას. მკურნალობის მეთოდებს ჩვენებისა და დიაგნოზის მიხედვით ვსაზღვრავთ. მედიკამენტური მკურნალობა შესაძლებელია შემოიფარგლებოდეს რამდენიმედღიანი თერაპიით, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.

ექიმთან დაგვიანებულ ვიზიტს ან არასწორად ნამკურნალებ დაავადებას შეიძლება სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფინანსური პრობლემები მოჰყვეს. ხშირ შემთხვევაში, როცა შარდის ნორმალური პასაჟი ირღვევა შეუქცევადად ქვეითდება შარდის ბუშტის ელასტიკურობა, ხდება შარდსაწვეთი გაგანიერება, თირკმლის დაზიანება. ფარულად მიმდინარე ავთვისებიანი სიმსივნის არასწორი დიაგნოსტირება და შემდგომში მკურნალობა იწვევს პროცესის დაჩქარებასა და, ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ გამოსავალს. ამიტომ, აუცილებელია, რომ მოშარდვასთან დაკავშირებული პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა უროლოგს მიმართოს.