სახალხო დამცველმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა ვივამედში დღეს, 28 ნოემბერს მოინახულა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა ვივამედში სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს.

  • ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

დეტალები: ლომჯარიას თქმით, სააკაშვილს მხოლოდ 10 წუთით ესაუბრა, რადგან ექსპრეზიდენტს საუბარი უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუარესებული.

  • "მე არ ვარ ექიმი, თუმცა ერთი შეხედვით და საუბრითაც, მახსოვს როგორი იყო ის შარშან გორის ჰოსპიტალში, ვიზუალურად განსხვავება თვალშისაცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, მკვეთრად გაუარესებულია", — ამბობს ომბუდსმენი.
  • მისივე განცხადებით, სააკაშვილს წონის მკვეთრი კლება აღენიშნება, რადგან ცუდად იკვებება და არასაკმარისად ჭამს.
  • "აქვს ძალიან მკვეთრი დაკარგვა წონის და პრაქტიკულად, სულ წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, ასევე, არ ჯდება", — თქვა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის განცხადებით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის საკანში პროკურორისა და მოსამართლის ვიზიტს უკავშირებს.

  • "როგორც ექიმი ამბობს, ამას ის უკავშირებს იმ შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში. ემოციურ ფონზე მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.