მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე მაროკოს ნაკრებთან ბელგიის მოულოდნელი მარცხის (0:2) შემდეგ ბრიუსელში შეტაკებები და არეულობა დაიწყო. მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები ჯერ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი — პოლიციელებს.

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები დაამსხვრიეს. პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება მალევე სცადა, თუმცა გულშემატკივრებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. შედეგად, პოლიციამ 11 გულშემატკივარი დააპატიმრა.

პოლიცია იძულებული გახდა, ქალაქის ცენტრალურ ზონებში მოძრაობა გადაეკეტა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აეკრძალა. უკონტროლო სიტუაციიდან გამომდინარე, სამართალდამცავებს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუწიათ.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს, მაროკოელები დასკვნით შეხვედრას კანადის წინააღმდეგ გამართავენ, ბელგიელები კი ხორვატიელებს დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩი პირველ დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.