ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამინეის დისშვილმა, ფარიდე მორადხანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა შეეწყვიტათ კავშირი ირანის რეჟიმთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანში პროტესტი და გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.

  • გაეროს მონაცემებით, 150-ზე მეტი ქალაქში, 140 უნივერსიტეტსა და ირანის 31-ვე პროვინციაში მიმდინარეობს.
  • ირანის რეჟიმი დემონსტრანტებს მკაცრად უსწორდება, არსებული ინფორმაციით 15 000-ზე მეტი ირანელი დააკავეს და რამდენიმე ასეული მოკლეს.
  • სულ მცირე, 21 დემონსტრანტს ამჟამად სიკვდილით დასჯა ემუქრება, ხოლო ექვსს უკვე აქვს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი.

დეტალები: მორადხანის ძმის, მაჰმუდ მორადხანის განცხადებით, ის 23 ოქტომბერს დააკავეს, როდესაც პროკურატურაში სასამართლოს ბრძანების საპასუხოდ მივიდა.

  • ფარიდე მორადხან ვიდეომიმართვა სწორედ მისმა ძმამ გაავრცელა დაკავების შემდეგ:
  • "ოჰ, თავისუფალო ხალხო, იყავით ჩვენთან და უთხარით თქვენს მთავრობებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა. ეს რეჟიმი არ არის ერთგული თავისი არც ერთი რელიგიური პრინციპის მიმართ და არ იცის რაიმე კანონი და წესი, გარდა ძალისა და ძალაუფლების ნებისმიერი შესაძლო გზით შენარჩუნებისა", — თქვა ფარიდე მორადხანიმა ვიდეომიმართვაში.
  • "ახლა ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მთელი კაცობრიობა აკვირდება, რომ ირანელი ხალხი ცარიელი ხელებით, სამაგალითო სიმამაცით ებრძვის ბოროტ ძალებს... დროის ამ მომენტში, ირანის ხალხი მარტო ატარებს ამ მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთს საკუთარი სიცოცხლის ფასად";
  • "რაც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს — არ დავუჭიროთ მხარი ამ რეჟიმს, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში ათასობით ირანელი მოკლა მაშინ, როდესაც მსოფლიო ამას მხოლოდ უყურებდა".

გაერომ გადაწყვიტა, შექმნას ახალი საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას გამოიძიებს.

  • ირანის უსაფრთხოების ძალების ძალადობრივმა ქმედებებმა მომიტინგეების მიმართ შეარყია დიპლომატიური ურთიერთობები თეირანსა და დასავლელ ლიდერებს შორის.