ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მთავარ არხთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაშურში, დედათა მონასტერს 2 პირი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მონასტრის წინამძღვარს და მონაზვნებს, ერთ-ერთი მონაზონი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი მომხდარი "მასმედიის მიერ წარმოებულ ანტიეკლესიურ პროპაგანდას" დაუკავშირა.
  • მისი აზრით, ფემიციდისა და გაუპატიურების დანაშაულები ეკლესიის კრიტიკამ გამოიწვია.
  • მონასტერში მომხდარი დანაშაული ეპისკოპოსმა სვიმეონმაც "ეკლესიაზე თავდასხმებს" დაუკავშირა.

დეტალები: "შეიძლება, მან [დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ] გადაამლაშა და რაღაცნაირად ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია", — თქვა ნიკოლოზმა.

  • ფიქრობს, რომ ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება — "ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, რომ თავისი აზრი გამოთქვას".
  • "ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ეკლესიის პოზიცია. ახლა შეიცვალა ვითარება. ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია“, — თქვა მიტროპოლიტმა.

შეფასებები: მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს.

  • სახალხო დამცველის, ნონო ლომჯარიას თქმით, მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიაზე გადაბრალება საშიში და არასწორია.
  • "ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა", — დაწერა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია გირჩი — მეტი თავისუფლებასც.

  • "მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი საშინელი ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას". ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ";

  • "იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, "გამპრავებელ" და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?" — წერს პარტია.