სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონის აზრით, ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის გაუპატიურება და ძალადობა პირადად მასზე და ეკლესიაზე თავდასხმის შედეგია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაშურში, დედათა მონასტერს 2 პირი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მონასტრის წინამძღვარს და მონაზვნებს, ერთ-ერთი მონაზონი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი მომხდარი "მასმედიის მიერ წარმოებულ ანტიეკლესიურ პროპაგანდას" დაუკავშირა.
  • მისი აზრით, ფემიციდისა და გაუპატიურების დანაშაულები ეკლესიის კრიტიკამ გამოიწვია.

დეტალები: ეპისკოპოსმა სვიმეონმა ჯაღმაიძის ნათქვამი განავრცო და თქვა, რომ არა მარტო ტელევიზიების, "ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის" შედეგია ის, რაც მოხდა.

  • "მოგეხსენებათ, წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირზე და მოჰყვა კიდევაც ეს, შედეგმა არ დააყოვნა".
  • "ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი, ეს შემთხვევით არ მომხდარა", — ასე ფიქრობს ეპისკოპოსი.
  • "მადლობა ღმერთს... მე ამას როგორ უნდა ვიძახდე, მაგრამ ეკლესიის შეურაცხყოფამ რაც მოიტანა, კარგად დაანახა საზოგადოებას, ამდენ დევნას რა მოჰყვება, როგორი სიძულვილი და წაქეზება მოჰყვება, რომ ეკლესიასა და მონაზვნებზე როგორ უნდა წააქეზო გაჭირვებული ადამიანები".

შეფასებები: მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს.

  • სახალხო დამცველის, ნონო ლომჯარიას თქმით, მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიაზე გადაბრალება საშიში და არასწორია.
  • "ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა", — დაწერა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია გირჩი — მეტი თავისუფლებასც.

  • "მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი საშინელი ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას". ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ";

  • "იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, "გამპრავებელ" და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?" — წერს პარტია.

არქივიდან: 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა ძვირადღირებული მანქანა შეიძინა. თავად თქვა, რომ Toyota Land Cruiser მრევლმა აჩუქა.

  • მისივე თქმით, საჩუქარი მიიღო, რადგან "აღარც გზაში დარჩეს და ამხელა საქმესაც ნორმალურად ემსახუროს".