უკრაინა ყოველწლიურად ნოემბრის მეოთხე შაბათს აღნიშნავს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას. წელს ეს დღე 26 ნოემბერსაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მასობრივმა შიმშილმა, ჰოლოდომორმა (Голодомор, შიმშილით სიკვდილი) 1932-33 წლებში 2 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

  • შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად.
  • უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალის გენოციდად 2006 წელს აღიარა. 2008-2010 წლებში ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნია.
  • ჰოლოდომორი არაერთ ქვეყანას აქვს აღიარებული, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი, მათ შორის საქართველოს, აშშ-ს, კანადას და სხვა.

დეტალები: რუმინეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად 23 ნოემბერს აღიარა. ირლანდიისა და მოლდოვის პარლამენტებმა კი 24 ნოემრერს.

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰოლოდომორის გენოციდად და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად აღიარება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
  • "ჩვენ ერთად აღვადგენთ ისტორიულ სამართლიანობას და ვიღებთ ევროპის თავისუფალ მომავალს!" — დაწერა მან.