დღემდე ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ძველ ეგვიპტეში ადამიანები მუმიფიკაციას დაღუპულთა გვამების შესანახად მიმართავდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასე სულაც არ ყოფილა, არამედ მიზანი ღვთაებრიობისკენ მათი წაძღოლა იყო. ამას მეცნიერებმა ინგლისში მდებარე მანჩესტერის მუზეუმში მომდევნო წლის დასაწყისისთვის ჩანიშნული გამოფენის "ოქროს მუმიები ეგვიპტეში" მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში გაუსვეს ხაზი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი წარმოდგენა დასავლური მცდარი იდეაა, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის მკვლევრებს უკავშირდება. მათ არასწორად ეგონათ, რომ ეგვიპტელები ცხედრებს ზუსტად ისე ინახავდნენ, როგორც თევზი ინახებოდა მოგვიანებით საკვებად გამოსაყენებლად. საქმე იმაშია, რომ ორივე შემთხვევაში აუცილებელი ინგრედიენტი მარილი იყო.

ამის მიუხედავად, მუმიფიცირებისთვის განკუთვნილი მარილი სულ სხვაგვარი მინერალი გახლდათ, რომელსაც ნატრონი ეწოდება და ის მდინარე ნილოსის მახლობლად უხვად მოიპოვებოდა. ცნობილია, რომ ეს ნაერთი ტაძრებში მიმდინარე რიტუალებსა და ღმერთების ქანდაკებებშიც გამოიყენებოდა.

ფოტო: iStock

მეორე გავრცელებულ ინგრედიენტად მეცნიერები სურნელოვან გუმფისს ასახელებენ, იგივე ხის წებოს. აღსანიშნავია, რომ გუნდუკი, ანუ საკმეველი და მური, ხის ფისი, ქრისტიანობაშიც გვხვდება, კერძოდ მოგვთა მიერ იესო ქრისტესადმი მიძღვნილი საჩუქრების სახით. ისინი ეგვიპტური ღმერთებისთვისაც შეიწირებოდა.

"ტაძარში, რომელიც ღვთის სახლად აღიქმებოდა, გუმფისის დაწვა დაშვებული იყო და იქაურობას ღვთაებრიობას ანიჭებდა. თუმცა, როცა ის სხეულზე გამოიყენებოდა, უკვე ეს უკანასკნელი ხდებოდა ღვთაებრივი", — ამბობენ სპეციალისტები.

მუმიფიკაციის არასწორ გაგებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ვიქტორიანული ეპოქის ეგვიპტოლოგების აზრით, დაღუპულ ადამიანებს საიქიო ცხოვრებისთვის სხეული სჭირდებოდათ, რომელიც ერთგვარ ღვთაებრივ ქანდაკებას უნდა დამსგავსებულიყო. ამ იდეას ისინი სარკოფაგის ადამიანურ ფორმებთან აკავშირებდნენ, რაც მათი იდეალიზებული გამომსახველობით იყო განპირობებული.

გამოფენაზე, რომელიც 2023 წლის 18 თებერვალს გაიხსნება, საზოგადოება ძველეგვიპტურ ნიღბებს, სარკოფაგებსა და გამოსახულებებს იხილავს, რაც მუმიფიკაციის ნამდვილ მნიშვნელობას მოჰფენს ნათელს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.