კანონპროექტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს ორგანოში 25 მომხრე და 6 წინააღმდეგი ჰყავდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროტესტი და გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.

  • თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.
  • მომიტინგეები ითხოვენ ირანის ხელმძღვანელობის შეცვლას — საპროტესტო აქციებს ხელისუფლება ძალადობით შეხვდა და მონაწილეთათვის მკაცრი სასჯელი მოითხოვა.
  • საერთაშორისო მედიებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია აქციებზე არასრულწოვნების მკვლელობის შესახებ.

დეტალები: გაერომ გადაწყვიტა, შექმნას ახალი საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას გამოიძიებს.

  • თეირანის წარმომადგენელმა, ხადიჯე კარიმმა ჟენევის შეხვედრაზე დასავლური სახელმწიფოები ირანის წინააღმდეგ უფლებათა საბჭოს გამოყენებაში დაადანაშაულა და გადაწყვეტილებას "შემაძრწუნებელი და სამარცხვინო" უწოდა.

ირანის საპროტესტო აქციებში დიდი როლი აქვთ ქალებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც იხდიან ჰიჯაბს, ყვირიან ანტისამთავრობო ლოზუნგებს და სკოლაში აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტის წინ საპროტესტო ფოტოებს იღებენ.

  • ხელისუფლებამ ამას უხეში ძალით, დაკავებებით და სკოლებზე რეიდების სერიით უპასუხა — ძალით შევიდნენ საკლასო ოთახებში, ძალადობრივად დააკავეს მოსწავლეები და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.
  • ირანის მასწავლებელთა კავშირმა დაგმო "სასტიკი და არაადამიანური" რეიდები და განათლების მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
  • არსებული ინფორმაციით, მათ სასიკვდილოდ სცემეს მოსწავლე გოგო, რომელმაც უარი თქვა, ემღერა რეჟიმის სადიდებელი ჰიმნი.
  • ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის ბოლო ანგარიშის თანახმად, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საპროტესტო აქციების შედეგად დაიღუპა 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი.