თიბისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, ბიზნესდაჯილდოება, წელს უკვე მეშვიდედ იმართება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურსმა ამ ხნის განმავლობაში არაერთი ახალბედა ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი, შესაბამისად კი ქართული ბიზნესის ეკოსისტემის წინსვლაც განაპირობა. ფინალისტი თუ გამარჯვებული ბიზნესები კონკურსის გავლით აღწევდნენ ცნობადობის გაზრდასა და ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ამის მაგალითია PROFY, ჩიკატაი თუ ჟუნუნა — კომპანიები, რომელთა წარმატებაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებამ ითამაშა.

დაარსებიდან დღემდე ღონისძიებაში 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა ათობით გამარჯვებული და კიდევ უფრო მეტს მიეცა შთაგონება, რომ თავადაც სცადოს ბიზნესის დაწყება.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში ბიზნესებს პრიზები ხუთ კატეგორიაში გადაეცემათ: საუკეთესო პროდუქტისთვის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის. ამას გარდა, წელს იქნება ორი დამატებითი ჯილდო — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

სტატიაში მეორე — საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის კატეგორიის ფინალისტებს გაგაცნობთ. ესენია: კერნელი, CALEN AI, Artisio. ერთ-ერთი მათგანი ამ ნომინაციაში გაიმარჯვებს და განვითარებას სულ სხვა საფეხურზე, ახალი — ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულის სტატუსით განაგრძობს.

კერნელი — ქართული სტარტაპი, რომლის პროდუქტსაც 60 ქვეყანაში იყენებენ

კერნელი მარტივი ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმაა, რომელიც მცირე ბიზნესებს ეხმარება პროცესების გაციფრულებაში, ბუღალტერიის ავტომატიზაციაში და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ქართული კომპანია, ფილიპინების ბაზრის შემდეგ, 2022 წლის დასაწყისიდან უკვე ინდოეთის ბაზარზე შევიდა, აქ მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება უკვე ივნისიდან შეძლო და სწრაფ ზრდას განაგრძობს. კერნელი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც ინდოეთში ოპერირებს. გუნდი მიიჩნევს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე მზარდი და დიდი ბაზარია, რომლის ათვისებაც ქართულმა სტარტაპ ეკოსისტემამ დროულად უნდა შეძლოს.

"ჩვენი ამ ნომინაციაში გამარჯვება დაეხმარება დამწყებ ქართულ სტარტაპებს, რომ იფიქრონ უფრო მასშტაბურად, გლობალურად და არა სტანდარტულად. ეს მისცემს მათ მოტივაციას, იპოვონ ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც არ არის თვალსაჩინო და შექმნან საერთაშორისო ტენოლოგიური ბიზნესები მომავალში", — ამბობს ბექა დალაქიშვილი, კერნელის თანადამფუძნებელი.

სტარტაპის დამფუძნებლები: ბექა დალაქიშვილი, მიშო ზღულაძე და გიორგი ტუხაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ფინანსების, ტექნოლოგიების და მარკეტინგის სფეროში. გარდა ამისა, კერნელს ჰყავს მოტივირებული გუნდი, სტარტაპის ბიზნეს მოდელი კი subscription-ებია. ბექა დალაქიშვილის თქმით, ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით მათი პროდუქტი ყველაზე მარტივია, ხოლო საერთაშორისო კონკურენტები არ ჰყავთ.

"60 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ინდოეთში გვყავს 30 000-ზე მეტი მომხმარებელი, 1000-ზე მეტი კლიენტი, რომელიც თანხას იხდის პროდუქტის გამოყენებაში. ინდოეთში სრულად ვართ მორგებული ახალ საგადასახადო კანონმდებლობას, გვყავს გუნდი ადგილზე და ვიზრდებით თვიდან თვემდე 20%-ით", — ბექა დალაქიშვილი.

როგორც ბექა დალაქიშვილი ამბობს, მისი კომპანიისთვის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობა საკმაოდ დიდი ვალიდაციაა კიდევ ერთხელ, იმის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდებიან. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პროდუქტის და მომხმარებლის კუთხით დიდად არ ვაქტიურობთ და უბრალოდ აქ დავიწყეთ, ძალიან სასიხარულოა, რომ ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს აღიარება".

"ბიზნესდაჯილდოების ფინალში გასვლითაც ჩვენი მიზანი მიღწეულია — ჩვენ გვინდოდა ქართული სტარატაპ ეკოსისტემისთვის და მთლიანად ბიზნეს სფეროსთვის გვეჩვენებინა ის პოტენციალი, რომელიც განვითარებად აღმოსავლურ ბაზრებშია. ეს განსაკუთრებით ინდოეთს ეხება. მისი მასშტაბიდან და განვითარების ტემპიდან გამომდინარე, რადგან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს იქნება ყველაზე მზარდი ბაზარი, სადაც იქნება ყველაზე დიდი შესაძლებლობები. ძალიან გვინდა, ეს ინფორმაცია გავუზიაროთ ქართულ ბიზნეს საზოგადოებას და ნებისმიერი კუთხით შეგვიძლია გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა ამ ბაზართან დაკავშირებით, კონტაქტები და ა.შ".

კერნელი უახლოესი ორი წლის განმავლობაში ინდოეთზე იქნება კონცენტრირებული, თუმცა გაციფრულების პროცესი ინდოეთის სუბკონტინენტზე, სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს (მაგ. ბანგლადეში, პაკისტანი). შესაბამისად, გუნდი გაფართოებას სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს:

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე არის პროდუქტის კულტურასთან მორგება, ამას ინდოეთში რომ მივაღწევთ, გარშემო ქვეყნებში პროდუქტის გაფართოება გაცილებით მარტივი იქნება, რადგან ძალიან გამოგვადგება ის გაკვეთილები, რაც ინდოეთში ვისწავლეთ".

CALEN AI — ხმოვანი და ჩათის AI ასისტენტი

CALEN AI არის ხმოვანი და ჩათის ჭკვიანი AI ასისტენტი რომელიც სცემს პასუხს ხშირად დასმულ კითხვებზე და ჯავშნის შეხვედრებს ზუსტად ისევე, როგორც მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი. სტარტაპი ეხმარება კომპანიებს მომხმარებლებთან კომუნიკაციის ავტომატიზაციაში, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

AI მუშაობს 24/7 და შეუძლია ერთდროულად 50 000-მდე საუბრის მართვა ინგლისურად და ქართულად. CALEN AI არის პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი ბიზნესებისთვის, რომელიც მუშაობს მოწინავე სატნდარტების თანახმად — ანუ მას შეუძლია მართოს საუბარი წინასწარ გაწერილი სცენარის გარეშე.

ასევე იხილეთ: ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტი მალე კომპანიებში დარეკვისას გიპასუხებთ — CALEN AI

"ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია ააწყოს საკუთარი AI ასისტენტი ჩვენს პლატფორმაზე და 3 ღილაკის დაჭერით შეუერთოს სასურველ არხს: მესენჯერს, ვოთსაფს, ინსტაგრამს, ვაიბერს, ტელეგრამს, გუგლს და ასევე ტელეფონს და SMS-ს (მალე) 30 ლარის თვიური საფასურის სანაცვლოდ (საწყისი ფასი რომელიც იზრდება კომპანიის თვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობის შესაბამისად). ჩვენ აგრეთვე ვემარებით მსხვილ კომპანიებს მომხმარებლების მხარდაჭერის ავტომატიზაციაში. მსგავსი პროექტის ღირებულება 18 000 ლარიდან იწყება. ჩვენ გვყავს AI ასისტენტი რომელიც დაამკვიდრებს მომხმარებლებთან კომუნიკაციის უმაღლეს სტანდარტს, რადგან შეამცირებს მიმართვებზე რეაგირების დროს 5 წამამდე და მოემსახურება მომხმარებელს კომპანიის/ბრენდის გაიდლაინის შესაბამისად", — ამბობს ირაკლი ბესელიძე, CALEN AI-დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ CALEN AI-ის გუნდმა 2021 წელს Google-ის გლობალური ჩეტბოტების კონკურსში გაიმარჯვა, გუნდი პროდუქტის განვითარებას განაგრძობს, რაშიც, ირაკლი ბესელიძის თქმით, ბიზნესდაჯილდოების როლი მნიშვნელოვანია:

"ძალიან გაგვიკვირდა, რომ ფინალში მოვხვდით, რადგან ჩვენთან ერთად ფინალისტები არიან კერნელი და არტისიო, განვითარების გაცილებით სხვა ეტაპზე მყოფი სტარტაპები, რომლებიც უცხოურ ბაზრებზე არიან ორიენტირებულები. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობით ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მეტ ადამიანს გაეგო ჩვენ შესახებ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ჩვენ შესახებ და შესაბამისად, რაც მეტი კლიენტი გვეყოლება, მით უფრო სწრაფად განვავითარებთ ჩვენს პროდუქტს და გავალთ ამერიკის ბაზარზე, ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა, რომ მასშტაბირება მოვახდინოთ. იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, საქართველო არის ჩვენთვის ერთგვარი ტრამპლინი".

აუქციონების მართვის პლატფორმა Artisio — პოტენციური ლიდერი მსოფლიოში

Artisio არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთ ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია:

  • აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software);
  • ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution);
  • ლაივ აიქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming);
  • კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).

"Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ ჩვენი კლიენტები. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და ჩვენს კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ აუქციონების მეშვეობით და ბაზრის მოცულება შეადგენს 200 მილიარდ დოლარს", — ამბობს ირაკლი სვანიძე, Artisio-ს წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ: საქართველოში შეიქმნა აუქციონების მართვის AI სისტემა და მას საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად იყენებენ

დღეს Artisio უკვე არის წარმატებული საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც საქართველოში, ქართველი ტექ. პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის მუშაობის შედეგად შეიქმნა.

"ბიზნესდაჯილდოებაზე მონაწილეობის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი გამოცდილების გაზიარებაა. 2022 წელს რომ გადავხედოთ, ეს წელი Artisio-სთვის იყო ძალიან სწრაფი ზრდის ფაზა და მსოფლიოს მასშტაბით ახალ ბაზრებზე გაფართოების პერიოდი. წლის დასაწყისში გამოვუშვით NFT მოდული, რის შედეგადაც Artisio გახდა მსოფლიოში ერთადერთი აუქცონების სისტემა, რომელსაც აქვს NFT-ის მინტინგის და გაყიდვის საშუალება (Mint & Sell NFT). ამჟამად ვმუშაობთ ამერიკის Historical Society of Pennsylvania-სთან ერთად, რომელიც Artisio-ს საშუალებით აპირებს გაყიდოს ამერიკის კონსტიტუციის პირველი ვერსიის NFT", — ამბობს ირაკლი.

რაც შეეხება ახალი ბაზრების ათვისებას, 2022 წელს არტისიოს კიდევ უფრო მეტი კლიენტი შეემატა, მათ შორის ევროპის 5 ქვეყნიდან — ბრიტანეთი, ჰოლანდია, ნორვეგია, საფრანგეთი, ჩეხეთი. გარდა ამისა, გუნდმა პირველი კლიენტები აიყვანა ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდი უკვე შევიდა ამერიკის ბაზარზე (რომელიც ყველაზე დიდი ბაზარია აუქციონებისა და ელ.კომერციის მხრივ).

"Artisio-სთვის 2022 წლის ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა — ჩვენი კლიენტი გახდა ამერიკის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სტარტაპი Rares.io, რომელიც ქმნის ბოტასების კულტურას (sneaker culture) და ბოტასების მოყვარულ ენთუზიასტებს სთავაზობს შეიძინონ ძვირადღირებული ბოტასების წილი და გამოიყენონ საინვესტიციოდ. 2022 წლის ბოლოს მოხდება კოლაბორაცია Rares.io -ს, Kanye West-სა და Christie's შორის, სადაც გაიყიდება Nike Yeezy 1 prototype, რომლის საწყისი ფასი 2 მილიონი დოლარია. ეს აუქციონი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აუქციონი მსოფლიო მასშტაბით და ამ კოლაბორაციის ძირითად ტექნიკურ მხარდაჭერას Artisio უზრუნველყოფს. გარდა ამისა, 2022 წელს შეძენილი კლიენტებიდან აღსანიშნავია ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუქციონის სახლი, რომელიც შედის მსოფლიოს ტოპ 5-ში და ამჟამად ვიმყოფებით მათი ონბორდინგის პროცესში. ასევე, ჩვენი კლიენტი გახდა ბრიტანული აუქციონის სახლი — GPSV, რომელიც არის ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და NATO-ს ექსკლუზიური კონტრაქტორი. ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სისტემის მეშვებით ხორციელდება ბრიტანეთისა და NATO-ს ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკის რეალიზაცია. ასევე, წელს ხელი მოვაწერეთ ბრიტანულ ვენჩერულ ფონდთან საინვესტიციო ხელშეკრულებას, და თვის ბოლოს მივიღებთ პირველ ინვესტიციას. 2022 წლის Artisio-ს საეპარაციო შედეგები: +35,000 ჩატარებული აუქციონი +800,000 ლოტი +15,000,000 მიღებული ბიდი +$150,000,000 გაყიდული ნივთების ჯამური ღირებულება", — ამბობენ სტარტაპის წარმომადგენლები.

"გვჯერა, რომ Artisio-ს წარმატების ისტორია არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიაში ინოვაციურ ცვლილებებს მოახდენს, გათვლილი იქნება საერთაშორისო მასშტაბზე და წარმატებით დააკმაყოფილებს მსოფლიო ბაზრის საჭიროებებს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ხოლმე ყოველ წელს, ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხებთ ამ ძლიერ კონკურენციაში გამარჯვებას, დამატებით დიდი სტიმული იქნება ჩვენთვის, რომ გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ბაზარზე ნომერ პირველი პროდუქტი აუქციონების სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ვფიქრობთ, რომ ყველანაირი რესურსი და შანსი გვაქვს იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ. რამდენიმე წელში, ვფიქრობ, ამას მივაღწევთ", — ამბობს ირაკლი სვანიძე.

ბიზნესდაჯილდოება დეკემბერში გაიმართება. ღონისძიებაზე გავიგებთ, თუ ვინ გახდება 2022 წლის საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი და ასევე, შევიტყობთ სხვა კატეგორიებში გამარჯვებულთა ვინაობასაც. ეს იქნება დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეცვლის ერთდროულად რამდენიმე ბიზნესის რეალობას და კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და გავიგოთ, ვინ იქნებიან ბიზნესდაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულები.