ასტრონომებმა აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომლის ზედაპირიც მაგმითაა დაფარული, მისი 1 წელი კი სულ რაღაც ნახევარი დღე გრძელდება. ეს იმითაა განპირობებული, რომ ციური სხეული საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ძალიან ახლოს გადაადგილდება, თუმცა მისი განსაკუთრებულობა სხვა რამეში მდგომარეობს: ის ერთ-ერთი ყველაზე მასიური სუპერდედამიწაა, რომელიც აქამდე დაგვიფიქსირებია.

მას მეცნიერებმა TOI-1075 b უწოდეს. ამ უკანასკნელს მათ კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის მეშვეობით მიაგნეს, რომლის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვითაც დადგინდა, რომ ეგზოპლანეტაზე ტემპერატურა 1 050 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

რაც შეეხება მის მშობელ ვარსკვლავს, ის ჩვენგან დაახლოებით 200 სინათლის წლითაა დაშორებული და ნარინჯისფერ ჯუჯათა ტიპს მიეკუთვნება. TOI-1075 b-ს ორბიტა მის ირგვლივ ახლო მანძილზეა განლაგებული, ამიტომ მნათობის გარშემო მოძრაობას ის სულ რაღაც 14.5 საათს ანდომებს.

"ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ TOI-1075 b ერთ-ერთი ყველაზე მასიური სუპერდედამიწაა, რომელიც აქამდე აღმოგვიჩენია", — აცხადებენ მეცნიერები.

კერძოდ, ამ ეგზოპლანეტის მასა დედამიწისას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება, რაც ნიშნავს, რომ იქ ჩვენი წონა გასამმაგდებოდა. ეს იმიტომ, რომ რაც უფრო მასიურია ობიექტი, მისი გრავიტაცია მით უფრო ძლიერია.

აღსანიშნავია, რომ ასტრონომებმა TOI-1075 b ტრანზიტის მეთოდი მეშვეობით დააფიქსირეს. TESS-ის მონაცემების დახმარებით მათ შორეულ მნათობზე დაკვირვებისას სიკაშკაშის პერიოდული ცვლილება შენიშნეს, რაც მაშინ ხდება, როცა ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის დისკოს წინ პლანეტა გადაადგილდება და მის სხივებს ჩრდილავს.

უნდა ითქვას, რომ ამ და სხვა მეთოდებით მიკვლეული ეგზოპლანეტების რაოდენობამ, რომელთა არსებობაც უკვე დადასტურებულია, წელს 5 000-ს გადააჭარბა, რაც ასტრონომიაში საკვანძო მოვლენა იყო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი ობიექტია, რომელსაც ჯერ კიდევ კანდიდატი ეგზოპლანეტის სტატუსი აქვს, ანუ მათი ავთენტურობა განსახილველია.

ყოველი ასეთი ახალი მიგნება ციური სხეულების ფორმირებისა და პლანეტური სისტემების მრავალფეროვნების შესახებ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის, ამიტომ მეცნიერები ამბობენ, რომ უკანასკნელი აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.