ვენერას დედამიწის "ტყუპისცალს" უწოდებენ, რადგან ძველად ის ჩვენი პლანეტის მსგავსი იყო. ამის მიუხედავად, ახლა ეს ციური სხეული ჯოჯოხეთური პირობებით გამოირჩევა. იქ ტემპერატურა 464 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რასაც ძლიერი წნევა ემატება, ხოლო ატმოსფერო გოგირდმჟავასა და ნახშირორჟანგის სქელი ფენისგანაა შედგენილი.

ვენერას დღევანდელი მდგომარეობა სათბურის ეფექტის შედეგია, თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მზესთან 40 მილიონი კილომეტრით უფრო ახლოსაა, ვიდრე დედამიწა. შესაბამისად, ჩვენი ვარსკვლავისგან მას მეტი სითბო გადაეცემა.

NASA-ს მეცნიერები თავიანთ კვლევაში წერენ, რომ შესაძლოა, ამ პლანეტის გარემოსთვის გარდამტეხი ფაქტორი ძლიერი ვულკანიზმი ყოფილიყო, რის გამოც ობიექტის ზედაპირის 80 პროცენტი ლავამ დაფარა. ამავე მიზეზით ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მავნე აირები გამოიყოფოდა და კლიმატის კატასტროფულ ცვლილებას განაპირობებდა.

ფოტო: ESA/AOES

კერძოდ, საუბარია დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგზე, რომელიც სწორედ სათბურის აირი გახლავთ. სპეციალისტთა მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ვენერას ზედაპირის უდიდეს ნაწილზე ვულკანური წარმოშობის ბაზალტს ვხვდებით. მსგავსი მატერია სულ მცირე ათობით ათასი წლის განმავლობაში მიმდინარე მძლავრი ვულკანიზმის შედეგად უნდა ფორმირებულიყო.

ამგვარი აქტივობის სავარაუდო პერიოდი ბოლო 1 მილიარდი წელია. მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული სცენარის მიხედვით, "ცისკრის ვარსკვლავად" წოდებული ციური სხეული ნახშირორჟანგის ემისიას უბრალოდ ვერ გაუმკლავდა, იქ არსებული ოკეანეები აორთქლდა, წყლის ორთქლმა კი სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და სათბურის ეფექტი განვითარდა.

ფოტო: NASA

უნდა ითქვას, რომ მსგავსი ვულკანიზმი დედამიწისთვისაც არაა უცნო. მეტიც — დღევანდელი რუსეთისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე განლაგებული "სუპერვულკანების" ამოფრქვევასთან მასობრივი გადაშენებაცაა დაკავშირებული, რომელიც 370 მილიონი წლის წინ მოხდა.

ამის მიუხედავად, ჩვენს პლანეტაზე ნახშირბად-სილიკატური ციკლი ბუნებრივი თერმოსტატის ფუნქციას ასრულებს. მისი მეშვეობით ნახშირორჟანგი და სხვა მავნე აირები ატმოსფეროსა და მანტიას შორის მიმოიცვლება. ამ პროცესის დამსახურებით დედამიწამ შეძლო, რომ ვენერას ბედი არ გაეზიარებინა და გადარჩენილიყო.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დეკადის მიწურულსა და მომდევნო ათწლეულის დასაწყისში ვენერაზე რამდენიმე ზონდის გაშვება იგეგმება, რომელთა მეშვეობითაც მისი ევოლუციისა და ისტორიის შესახებ მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ. დაგეგმილ მისიებს შორისაა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს DAVINCI და VERITAS, ასევე, ევროპული EnVision და ჩინური VOICE.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Planetary Science Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.