შესაბამისი გადაწყვეტილება კენიის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრომ ეკოსისტემისთვის ზიანის არიდების მოტივით ახსნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართულმა კომპანიამ 8 გიგანტური ხე ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძინა.

  • საექსპორტოდ განკუთვნილი ბაობაბები უცხოურ კერძო კომპანიას უნდა ამოეძირკვა; სათანადო ნებართვა მან 28 ოქტომბერს ითხოვა.
  • BBC-ის ინფორმაციით, ხეები საქართველოში, ერთ-ერთ ბოტანიკურ ბაღში უნდა გადმოეტანათ.
  • კენიური მედიის ცნობით კი, ბაობაბების გადმორგვა იგეგმებოდა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით გაშენდა.
  • გადაწყვეტილებას გარემოს დამცველების მწვავე პროტესტი მოჰყვა — მათი თქმით, ქართველ და უცხოელ კონტრაქტორთა ჯგუფს ლიცენზიები არალეგალურად ჰქონდათ მოპოვებული.
  • აფრიკული ბაობაბების ალიანსის თავმჯდომარემ მომხდარი "ბიომეკობრეობადაც" შეაფასა.

დეტალები: გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, სოიპან ტუიამ განაცხადა, რომ მთავრობამ საზოგადოებისა და მწვანე ჯგუფების პროტესტის შემდეგ კალიფის საგრაფოდან ბაობაბების ექსპორტი შეწყვიტა.

  • მისი თქმით, გადაწყვეტილება კერძო კომპანიისგან არალეგალურად იყო მიღებული, რაც ადგილობრივი ფერმერებისა და მესაქონლეების სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნიდა.
  • "ბაობაბის ხეები უნიკალური სახეობაა, ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია და დაცულია კენიის კონსტიტუციით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბიომრავალფეროვნება და გენეტიკური რესურსები", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
  • ტუიას თქმით, ბაობაბებს ექსპორტზე აღარ გაიტანენ, სანამ მხარეებს შორის ხელშეკრულებების დადების წესი სათანადოდ არ დარეგულირდება.

ვინ ყიდულობდა ბაობაბებს საქართველოდან: ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც საქართველოში ბაობაბების ექსპორტის პროცესს ხელმძღვანელობდა, გიორგი გვასალიაა.

  • მისმა კომპანიამ ბაობაბის ხეებში 800-დან 2400 დოლარამდე გადაიხადა.
  • გამოცემის ცნობით, გვასალიამ ბაობაბის ხეების მოძიება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო და "იდეალური" ბაობაბების საპოვნელად დრონებსაც იყენებდა.
  • "ისინი ხეებს ჩემ გარეშეც ხოცავდნენ, რადგან სიმინდის დათესვა სურთ. ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, თუ გადავარჩენთ ხეს, რომელსაც ვერ გამოიყენებენ შეშისა და ნახშირისთვის. მე აქ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია ხეების ტყუილად დახოცვაა", — ამბობს გვასალია Guardian-თან საუბარში.

გვასალია გვხვდება კენიის ტელევიზიის ვიდეოსიუჟეტშიც, სადაც ყვება, რომ საქართველოში არის პარკი, სადაც სამი კონტინენტიდან ჩამოტანილი ხეები მათთვის სათანადო კლიმატურ პირობებში შესანიშნავად ხარობენ.

კონტექსტი: შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 2020 წლის 15 ივლისს გაიხსნა, თუმცა პოპულარობა გაცილებით ადრე, გახსნამდე "მოიპოვა", რადგან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გიგანტური ხეები აქ არა მხოლოდ ხმელეთით, არამედ ზღვითაც გადაჰქონდათ.

  • მათ შორის ყველაზე ხმაურიანი შავ ზღვაში მოცურავე 40 მეტრის სიმაღლის, ასწლოვანი ტიტას გადარგვა იყო.
  • მის გადასატანად ბობოყვათის სანაპიროზე გაკეთდა სპეციალური გზა და მისადგომი, რომლითაც სატვირთომ ხე პლატფორმაზე განათავსა.
  • ხეების გადატანას აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებდნენ.
  • ხშირად გიგანტური ხეების გადატანისას იხერგებოდა გზა, ზიანდებოდა ელექტრო სადენები და იჩეხებოდა სხვა ხეები, თუმცა მათი გადარგვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეწყვეტილა.
  • თავად ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გადარგვისას გიგანტური ხეები გადაარჩინა, რადგან მათი ნაწილი გადაშენების პირას იყო. მანვე აღიარა, რომ ასიათასობით ხე აქვს გადარგული.
  • ქართული ოცნებაში დღემდე ამბობენ, რომ "ივანიშვილს ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ".