მზის ჩასვლა ყველა ადამიანისთვის საყვარელი და შთამბეჭდავი სანახაობაა, მაგრამ დედამიწის "დაისზე" რას იტყვით? მთვარის პერსპექტივიდან მსგავსი მოვლენის დანახვა შესაძლებელია, რაშიც მისია Artemis 1-ის ფარგლებში ჩვენი პლანეტის თანამგზავრისკენ გაშვებული კოსმოსური ხომალდის, Orion-ის კამერის მიერ გადაღებული თვალწარმტაცი კადრები დაგარწმუნებთ.

ზემოთ ნაჩვენები სურათი მთვარის შორეული მხრიდანაა გადაღებული, რომელიც დედამიწისკენ არასდროსაა შემობრუნებული. კადრი Orion-მა მისიის მეექვსე დღეს დააფიქსირა, როცა ციური სხეულის ზედაპირთან 130 კილომეტრ მანძილზე მისაახლოებლად ემზადებოდა, რაც წარმატებით განახორციელა.

ასევე, იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ

ფოტო: NASA

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს მან დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და თბილისის დროით 16:44 საათზე მთვარეს ჩაუარა. აპარატმა ძრავები 2 წუთისა და 30 წამის განმავლობაში აამუშავა, რათა მნიშვნელოვანი მანევრი შეესრულებინა და ტრაექტორია შორეული რეტროგრადული ორბიტისკენ მიემართა.

Orion დედამიწის თანამგზავრს დაახლოებით 70 000 კილომეტრით გასცდება, ანუ იმაზე შორს წავა, ვიდრე ადამიანს ოდესმე უმოგზაურია. ამ დროს ის ჩვენი პლანეტისგან 500 000 კილომეტრამდე დისტანციაზე იქნება.

მომდევნო უმნიშვნელოვანესი მანევრი 25 ნოემბერსაა ჩანიშნული, პირველ დეკემბერს კი Orion ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და უკვე დედამიწისკენ გამოემართება, ატმოსფეროში შემოვა და წყნარ ოკეანეში დაეშვება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ორბიტაზე Orion-ის ასაყვანად გამოყენებულმა რაკეტა Space Launch System-მა დავალებას იდეალურად გაართვა თავი.

"რაკეტის ან კოსმოსური ხომალდის ფუნქციონირებაში ისეთი არაფერი შეგვინიშნავს, რაც მისიის რაიმე ნაწილის კითხვისნიშნის ქვეშ დააყენებდა", — აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება მომდევნო მისია Artemis 2-ს, მის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტებს გაუშვებენ, თუმცა ისინი მხოლოდ ციური სხეულის გარშემო იმოძრავებენ. კულმინაციური მომენტი მისია Artemis 3-ის განმავლობაში გველის, როცა ადამიანები მთვარის ზედაპირზე ფეხს დადგამენ, რაც 1972 წლიდან დღემდე პირველი მსგავსი მცდელობა იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.