ცნობილი ბრიტანელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის უკვე კლასიკად ქცეული ფენტეზი რომანი ჰოულის მოსიარულე კოშკი ქართულ ენაზე ითარგმნება. წიგნს გამომცემლობა მედუზა გამოსცემს, მთარგმნელი კი ქეთევან ყანჩაშვილი გახლავთ. გამომცემლობის ცნობით, რომანი, სავარაუდოდ, მომავალი წლის თბილისის წიგნის ფესტივალამდე გამოიცემა.

ჰოულის მოსიარულე კოშკი მსოფლიოში ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1986 წელს გამოიცა. უინ ჯონსის რომანი კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა იაპონელმა რეჟისორმა ჰაიაო მიაძაკიმ ნაწარმოების მიხედვით ამავე სახელწოდების ანიმაცია გადაიღო. სტუდია Ghibli-ის შექმნილი ანიმაციური ფილმი 2004 წელს გამოვიდა და ის ოსკარზეც კი წარადგინეს.

რაც შეეხება მედუზას, ის ახალი ქართული გამომცემლობა გახლავთ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. მისი მიზანი ქართველი მკითხველის ფენტეზი და საი-ფაი ნაწარმოებებით განებივრებაა — როგორც ადგილობრივი ავტორების ტექსტებით, ასევე თარგმანებით. გამომცემლობამ სულ ახლახან გამოსცა მე-20 საუკუნის ქართველი ფანტასტი ავტორების ანთოლოგია — დროთა კავშირი.