აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) პირველი მედიკამენტი დაუშვა, რომელიც 1-ელი ტიპის დიაბეტის (T1D) დაწყებასა თუ განვითარებას აფერხებს. ინფორმაციას თავად FDA ავრცელებს.

წამალი, სახელად ცილდი (იგივე ტეპლიზუმაბი), დიაბეტის განვითარების დიდი რისკის მქონე პაციენტებისათვის კიდევ ერთი საშუალება იქნება, რომელმაც, შესაძლოა, მათ დიაბეტი თვეობით და წლობითაც კი აარიდოს თავიდან.

როგორც წესი, პირველი ტიპის დიაბეტის (T1D) დიაგნოზი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ისმევა. მას ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებზე იმუნური სისტემის თავდასხმა და მათი განადგურება იწვევს. T1D-ის მქონე ადამიანებს გლუკოზა მოჭარბებული აქვთ, ამიტომაც მისი დონეების დასარეგულირებლად ინსულინის მუდმივი მიღება ესაჭიროებათ.

ცილდი, იგივე ტეპლიზუმაბი, FDA-ის მიერ დაშვებული პირველი მედიკამენტია, რომელიც დაავადების პროგრესირებას აყოვნებს. ამისათვის იგი იმუნური სისტემის კონკრეტულ უჯრედებს ებმის. წამალს შეუძლია, ის იმუნური უჯრედები გააუვნებლოს, რომლებიც ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს ესხმის თავს, ასევე გაზარდოს იმ უჯრედთა წილი, რომლებიც იმუნური სისტემის რეაქციას არეგულირებს. მედიკამენტი ორგანიზმში ინიექციის გზით შეჰყავთ.

თავისთავად, მედიკამენტის დაშვებამდე FDA-მ მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეამოწმა. კვლევაში პირველი ტიპის დიაბეტის მეორე სტადიის მქონე 76 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებიც ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში შემთხვევითობის პრინციპით გადაანაწილეს.

მონაწილეთა ნაწილი ცილდს იღებდა, ნაწილი კი — პლაცებოს. კვლევის პროცესში მიკერძოების თავიდან აცილების მიზნით ორმაგად ბრმა კონტროლის მეთოდი გამოიყენეს. მედიკამენტის ეფექტიანობის შესაფასებლად FDA-მ მედიკამენტის/პლაცებოს მიღებისა და დაავადების განვითარებას შორის დრო გაზომა.

მკვლევრები მონაწილეთა მდგომარეობას 51 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ ცილდის მიმღები 44 პაციენტიდან მესამე სტადიის T1D მათ 45%-ს დაუდგინდა, პლაცებოს მიმღები 32 პაციენტიდან კი იგი მათ 72%-ს გამოუვლინდა.

საგულისხმოა, რომ განსხვავებული იყო დიაბეტის განვითარების დროც — ცილდის მიმღებ პირებში ცდის დაწყებასა და მესამე სტადიის T1D-ის დაწყებას შორის 50 თვე იყო, პლაცებოს მიმღებ პირებს კი დაავადება 25 თვეში გამოუვლინდათ. სწორედ ასე დადასტურდა, რომ მედიკამენტი დიაბეტის დაწყებას ეფექტიანად აფერხებს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს: როგორც FDA-ის საიტზე ვკითხულობთ, ცილდის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა თავის ტკივილი, გამონაყარი და ლიმფოციტების შემცირება (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი) იყო. სააგენტოს თუ დავუჯერებთ, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირების გამო სერიოზული ინფექციების საფრთხეც დიდია. ამასთანავე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, წამლის მიღებამდე მის კომპონენტებზე გაძლიერებული მგრძნობელობის რისკიც უნდა გაითვალისწინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არც ისე კარგად ჟღერს, საბოლოო ჯამში მაინც ექიმი წყვეტს, რამდენად გადაწონის სარგებელი რისკს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი პაციენტისათვის ცილდი ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.