ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი იყო, რომელიც იტყუებოდა, რომ თბილისში ბინებს ყიდდა სხვადასხვა საიტზე განცხადებებს ათავსებდა.

  • "რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა", — ნათქვამია ინფორმაციაში.
  • მათივე თქმით, ბინების გაყიდვის შესახებ ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებაც, რომლის დამოწმებაც ნოტარიული წესით ხდებოდა.

დეტალები: საგამოძიებოში ამბობენ, რომ ბრალდებული ერთ-ერთი პირისგან 30 ათასი დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • "ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში აღემატება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით", — აცხადებს უწყება.