HBO-ს ჩვენთვის სასიამოვნო სიახლე აქვს — გახმაურებული სერიალის, Euphoria-ს, შემქმნელი სემ ლევინსონი და კანადელი მომღერალი The Weeknd ახალ სერიალზე The Idol მუშაობენ. როგორც ცნობილია, მთავარ როლებში თავად The Weeknd-სა და ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილს, მსახიობ ლილი როუზ დეპს, ვიხილავთ.

ფოტო: Getty Images for HBO

ფოტო: Getty Images for iHeartmedia

მართალია, პროექტზე მუშაობა აპრილში დროებით შეჩერდა The Weeknd-ისა და რეჟისორის, ემი სიმეცის, განსხვავებული ხედვების გამო, თუმცა ახლა სამუშაო პროცესი ისევ გრძელდება.

ფოტო: HBO

ფოტო: HBO

როგორც ცნობილია, The Weeknd შოუს შექმნის ყველა ასპექტში ჩართულია — არის ერთ-ერთი სცენარისტი, აღმასრულებელი პროდიუსერი და მსახიობი. მომღერლისთვის ეს პირველი როლი იქნება სერიალში, თუმცა აღსანიშნავია, რომ მან მონაწილეობა მიიღო ფილმში Uncut Gems, რომელშიც საკუთარი თავი განასახიერა.

HBO-ს ახალ სერიალ The Idol-ში The Weeknd კულტის ლიდერის როლს შეასრულებს, ხოლო ლილი როუზ დეპი — პოპვარსკვლავის. ლილიმ თავის გმირზე, ჯოსელინზე, საუბრისას განაცხადა, რომ მის უკეთ წარმოსადგენად მადონას, ბრიტნი სპირსისა და მერაია ქერის ცხოვრებას მიმართავს შთაგონების წყაროდ. ამავე ინტერვიუში მსახიობმა სემ ლევინსონსა და მისი მუშაობის სტილზეც ისაუბრა: "შთაგონების წყაროს იმ ხალხში პოულობს, ვინც მის წინ არიან; ის თვისებები, რომლებსაც შენში, როგორც ადამიანში ხედავს, გმირის ხასიათშიც გადააქვს."

HBO-მ უკვე დაადასტურა, რომ სერიალზე მომუშავე მსახიობების გუნდს Blackpink-ის წევრი ჯენი კიმიც შეუერთდება, თუმცა რა სახის როლი ექნება მას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

სერიალის გამოშვება 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა მცირე შეფერხებებისა და გარკვეული სცენების ახლიდან გადაღების გამო, ამ დღემ 2023 წლამდე გადაიწია. HBO-ს ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ დაუდასტურებია, თუმცა სემ ლევინსონისა და სერიალის მსახიობების გულშემატკივრები The Idol-ის ტრეილერებით უკვე ტკბებიან.

შოუს Euphoria-ს მსგავს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ; ლოს-ანჯელესი, პოპ-ინდუსტრია, სექსი, ნარკოტიკები — სერიალს თითქოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჰიტად იქცეს. როგორც ჩანს, მასში მონაწილე მსახიობებიც ასე ფიქრობენ და არც პროექტის სექსუალურ ხასიათს უშინდებიან.

"არ ვისურვებდი პურიტანულ სერიალში მონაწილეობას. ეს შოუ უშიშარია და სწორედ ისეთია, რაშიც მიხარია და მეამაყება, რომ ჩართული ვარ," — განაცხადა ლილი როუზ დეპმა.