სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბოლო დრო გავრცელებულ ცნობებს განცხადებით ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 19 ნოემბერს ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია და ბიოფსიური კვლევით აღმოჩენილი ნიშნები ამაზე მიუთითებენ.

  • ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კი აღნიშნა, რომ ორგანიზმში ვერცხლისწყალია აღმოჩენილი.
  • "ესეც ინტოქსიკაციაა და ესეც იძლევა საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული", — თქვა ალასანიამ.

დეტალები: პენიტენციურში აცხადებენ, რომ ადვოკატის მიერ სააკაშვილის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის ოფიციალური დასკვნა მათთვის არავის მიუწოდებია.

  • ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება.
  • "საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ", — წერენ ისინი.